სექსუალური ძალადობა დანაშაულია! – თბილისში აქცია-წარმოდგენა გაიმართა

“სექსი არ არის დანაშაული”, “სექსუალური ძალადობა დანაშაულია!”, “სექსი 16 წლამდე ბავშვთან დანაშაულია”, “უნებართვოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება დანაშაულია”, “მოკლე კაბა მოწვევა არ არის”, “მოძალადის მხარდაჭერა და წაქეზება დანაშაულია”, – ამ შინაარსის ტრანსპარენტებით თავისუფლების, რუსთაველისა და მარჯანიშვილის მეტროსადგურებთან “ქალთა მოძრაობამ” და “დამოუკიდებელი ფემინისტების ჯგუფმა” აქცია-პერფორმანსი გამართეს.

“ქალთა მოძრაობა” და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი მიმართავენ ქალებს, რომლებმაც განიცადეს ძალადობა, ქალთა უფლებების დამცველებს, სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, სახელმწიფო ორგანოებს, სერვისების გამწევ ორგანიზაციებს და მედიას, რომ დაიწყოს დისკუსია სექსუალური ძალადობის ხილვადობის გაზრდისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქტიური ზომების მისაღებად.

“დღემდე, როგორც საჯარო, ისე პირად სფეროებში, ქალები შერცხვენის ობიექტები ხდებიან, თუკი ისინი საუბრობენ თავიანთ სექსუალობაზე, ან ნებისმიერი სახით გამოხატავენ მას. საზოგადოება ქალებს სექსუალური ცხოვრების დაწყებამდეც კი ასწავლის, რომ მათ საკუთარი სექსუალობის რცხვენოდეთ. ქალის სექსუალობის ქალების წინააღმდეგ გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია სექსუალური ხასიათის ვიდეოების ფარულად ჩაწერა და შემდეგ ონლაინ-სივრცეში გავრცელება, სექსუალური შევიწროების შესახებ ხმამაღლა საუბრის კრიტიკა და უფლებებისთვის საბრძოლველად დამატებითი ბარიერების შექმნა”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

ქალთა უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ დღეს:

“ჩვენ გვინდა, რომ გავხსნათ დისკუსია და დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ სექსუალური ძალადობა არის დანაშაული, იმიტომ, რომ დღეს საზოგადოება ამაზე არ არის შეთანხმებული და ამის გამო გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ტაბიურებული პრობლემა ქალთა უფლებებების სფეროში. ასევე, არსებობს პრობლემებები არა მხოლოდ ცნობიერების, არამედ კანონმდებლობის და პრობლემების დონეზე – გაუპატიურების მუხლს აქვს რეალური პრობლემა. ქალების სექსუალობა გამოიყენება ქალების შანტაჟისთვის და ქალებზე ძალადობისთვის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “ქალთა მოძრაობის”‘ წარმომადგენელმა იდა ბახტურიძემ.


2017 წელს ჩატარებული ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 17 000 ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. დაახლოებით 20 000 ქალს სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან განუცდია; 67 000 გოგო ბავშვობაში გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ამის მიუხედავად, მაგალითად, 2016 წელს გაუპატიურების მხოლოდ 13 საქმე განიხილა სასამართლომ, სადაც 1 შემთხვევაში პირი გამართლდა. 2017 წელს სასამართლომ მხოლოდ 5 საქმე განიხილა, სადაც 3 შემთხვევაში პირი გამართლდა. 2018 წელს 8 საქმის განხილვა მოხდა, სადაც 3 შემთხვევაში პირი გამართლდა.