ლინკევიჩუსი ზურაბიშვილის ლიეტუვაში ვიზიტს ტვიტერზე ქართულად ეხმაურება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში ვიზიტს ტვიტერზე ქართულად ეხმაურება.

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვილნიუსში, ქალბატონო პრეზიდენტო. ლიეტუველ და ქართველ ხალხს შორის განსაკუთრებული კავშირია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე,” – წერს ლინას ლინკევიჩუსი.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვილნიუსში, ქალბატონო პრეზიდენტო. @Zourabichvili_S ლიეტუველ და ქართველ ხალხს შორის განსაკუთრებული კავშირია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე.

Welcome to #Lithuania, Madam President! pic.twitter.com/6W3BNH281d

— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) March 6, 2019

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვაში იმყოფება. ის შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან  და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისთან.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი საქართველოსა და ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაა. ზურაბიშვილთან ერთად ლიეტუვაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც გაემგზავრა.

ამასთანავე, ადმინისტრაციაში იუწყებიან, რომ დღეს, 7 მარტს ვიზიტის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციასაც მოეწერება ხელი.

„როგორც მოგეხსენებათ, ლიეტუვასთან საქართველოს ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და ამ თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს სწორედ კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს.

დოკუმენტი ითვალისწინებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული ერთობლივი გამოწვევებისა და საფრთხეების იდენტიფიცირებას და მათი განეიტრალებისათვის ერთობლივი პოზიციების კიდევ უფრო გააქტიურებას”, – განაცხადა ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ.