მსოფლიო სამართლის პროექტმა (WJP) 2019 წლის კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა. რეიტინგი, რომელიც 120 000 საოჯახო მეურნეობისა და 3 800 ექსპერტულ გამოკვლევას ეფუძნება, კანონის უზენაესობის კუთხით მსოფლიოს 126 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ასახავს.
კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის ქულები და რეიტინგი შედგება რვა კომპონენტისგან: მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, სარეგულაციო აღსრულება, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.
ინდექსის თანახმად, საუკეთესო შედეგის მქონე სამეულს წარმოადგენენ ნორდიკული ქვეყნები: ნორვეგია, დანია და ფინეთი. კანონის უზენაესობის კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ვენესუალაში, კამბოჯასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
რაც შეეხება საქართველოს, ის 0.61 ქულით რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებს. წინა, 2017-18 კვლევასთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 5 ადგილით გაუარესდა, თუმცა ისე, რომ მისი ქულა არ შეცვლილა. ინდექსში საქართველოს პოზიციის ცვლილება ქვყენების რაოდენობის ზრდით არის გამოწვეული (2017-18 წლების კვლევა 113 ქვეყანას მოიცავდა).
საქართველოს მოწინავე პოზიცია უკავია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 13 ქვეყანას და დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე 30 ქვეყანას შორის.
საქართველოს პოზიციები ინდექსის შემადგენელი 8 კომპონენტის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
როგორც ხედავთ, საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი სამოქალაქო მართლმსაჯულების სფეროში აქვს, სადაც ისეთ ქვეყნებს ჩამორჩება, როგორიცაა ირანი, ჩინეთი, მონღოლეთი და სხვა.
სრული ანგარიშის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.