მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქალებსა და კაცებს თანასწორი უფლებები მსოფლიოს მხოლოდ 6 ქვეყანაში აქვთ – ამ ქვეყნებს შორის არ არის საქართველო.
“ქალები, ბიზნესი და კანონი 2019: ათწლეულის რეფორმა” (Women, Business and the Law 2019: A Decade of Reform), ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აანალიზებს ქალთა ყოფას და მიღწეულ პროგრეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
ბელგია, დანია, საფრანგეთი, ლატვია, ლუქსემბურგი და შვედეთი – ეს არის ის 6 ქვეყანა, სადაც ქალებსა და კაცებს აქვთ თანაბარი უფლებები იმ სფეროებში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გაზომა და ქალთა ყოფის შესაფასებლად შეარჩია. ამ 6 სახელმწიფოს აქვს 100-დან 100 ქულა, თუმცა მათ ამ პროგრესს ბოლო 10 წელიწადში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწიეს. 10 წლის წინ მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოში არ იყო ქალებისა და კაცების უფლებები თანასწორი. ამ კუთხით, მსოფლიოს საშუალო ქულა არის 74.71, რაც ნიშნავს, რომ ქალები მსოფლიოში, კაცებთან შედარებით, უფლებების 3/4-ით სარგებლობენ. ყველაზე ცუდი მდგომარეობა არის ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც თანასწორობის საშუალო ქულა არის 47.37. აღნიშნული მონაცემი ნიშნავს, რომ ქალები ამ სახელმწიფოებში, კაცებთან შედარებით, მხოლოდ უფლებების ნახევრით სარგებლობენ.
როგორც მსოფლიო ბანკი თავის კვლევაში აღნიშნავს, სამართლებრივი რეგულაციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათ კარიერაზე და იმ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ისინი იღებენ.
“გენდერული თანასწორობა არის ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ქალები მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენენ და ჩვენ გვაქვს ჩვენი როლი უფრო მეტად აყვავებული მსოფლიოს შექმნაში. თუმცა, წარმატებას ვერ მივაღწევთ, თუ კანონები დაგვხევენ უკან”, – წერს კვლევის შესავალში “მსოფლიო ბანკის ჯგუფის” დროებითი პრეზიდენტი, კრისტალინა გეორგიევა.
სამსახურის დაწყება
ანაზღაურება
ქორწინება
ბავშვების ყოლა
სხვა ინდიკატორები ასევე მოიცავს თანაბარ უფლებებს ბიზნესისა და ქონების მართვისას, ასევე პენსიის მიღებისას.
საქართველოს ქულა გენდერული თანასწორობის კუთხით არის 79.38. ქალებისა და კაცების თანასწორობის კუთხით, საქართველოს მსოფლიოს 80 ქვეყანა უსწრებს 187 ქვეყნიდან. თანასწორობის კუთხით საქართველოზე უკეთესი მდგომარეობაა, მაგალითად, სომხეთში (83.13 ქულა). ზუსტად საქართველოს მსგავსი ქულა აქვთ იაპონიას, თურქეთს, ბელიზს და პანამას. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა საქართველოს ჩამორჩებიან.
როგორც მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, საქართველომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების კანონი ჯერ კიდევ 2010 წელს მიიღო, თუმცა აღნიშნული კანონმდებლობა არც სასჯელს ითვალისწინებს და არც კომეპნსაციას. საქართველოს პროგრესად არის შეფასებული ორსულობის ნიშნით სამსახურიდან გაშვების აკრძალვა. საქართველოსთან ერთად, ამ მიმართულებით დადებითად არის შეფასებული მავრიტანიის, სამოასა და მექსიკის რეფორმა.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კვლევის ჩატარება შესაძლებელი გახდა მსოლფიოს 187 ქვეყნიდან 2000-მდე იურისტის, მოსამართლის, აკადემიური სფეროსა, სამოქალაქო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.