“გარკვეულ გარემოებებს ნათელი უნდა მოეფინოს” – საპატრიარქო მამალაძის შეწყალების საკითხზე

მიმართავს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით საპატრიაქტო პრეზიდენტს, ჯერჯერობით უცნობია. ნეტგაზეთს საპატრიარქოს  პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ უთხრა, რომ შეწყალების მოთხოვნა ასე უპირობოდ არ იქნება.

“დაველოდოთ, ასე უპირობოდ არ იქნება. ჩვენი განცხადებით იხელმძღვანელეთ. იქ ნათლად წერია, რომ გარკვეულ გარემოებებს ნათელი უნდა მოეფინოს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია… ყოველ შემთხვევაში, მოვლენებს უნდა დაელოდოთ”, – ამბობს დეკანოზი ჯაღმაიძე.

დღეს, პირველ მარტს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ საპატრიარქო მზად არის, მიმართოს პრეზიდენტს დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით. მიტროპოლიტმა ამის შესახებ ციხის საავადმყოფოში მსჯავრდებული დეკანოზის მონახულების შემდეგ ისაუბრა.

“თქვენც იხილავთ მალე – ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ დეკანოზი იქნება შეწყალებული და მოთხოვნა გაკეთდება. ვფიქრობ, პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს. დანარჩენს თქვენ იხილავთ. მსჯავრდებული თავად იტყვის ყველაფერ დანარჩენს. მართალია, მას არ უწყობს ჯანმრთელობა ხელს, თუმცა გამოჯანმრთელდება”,-განაცხადა მიტროპოლიტმა.

ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ საპატრიაქო იშუამდგომლებს პრეზიდენტთან შეწყალების საკითხში, ეს კითხვა ნეტგაზეთმა მსჯავრდებული დეკანოზის ძმას, თორნიკე მამალაძეს დაუსვა.

“მე არ ვფლობ ინფორმაციას, მხოლოდ ის ვიცი, რაც მეუფე ანტონმა თქვა”. თორნიკე მამალაძემ ასევე გვირჩია, ეს კითხვა საპატრიაქოსთვის დაგვესვა.