მიტროპოლიტი ანტონი: დეკანოზი მამალაძე უდანაშაულოა და მას შეიწყალებენ

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ საპატრიარქო მზად არის, მიმართოს პრეზიდენტს დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით. ციხის საავადმყოფოში მიტროპოლიტმა მსჯავრდებული დეკანოზი დღეს მოინახულა.

მიტროპოლიტ ანტონის თქმით, საპატრიარქოს მოთხოვნა დეკანოზის შეწყალებაზე დასაბუთებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, როდის იმსჯელებენ საპატრიარქოში ამ საკითხზე.

მე მოვედი პატიმრის მოსანახულებლად და იმ კითხვებზე პასუხის მისაღებად, რომელიც საჯაროდ განვაცხადე. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ შიგნით. ჩვენ ამის რესურსიც გვაქვს, შესაძლებლობაც და ძალაც. ეს საკითხი თუნდაც იმისთვის უნდა განვიხილოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს თემის ირგვლივ მითქმა-მოთქმა და სპეკულაციები. ეს არის შიდა საკითხები, რომელსაც ეკლესია განიხილავს. საპატრიარქო ყველაფრისთვის მზად არის… მზად არის, რომ ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნისთვის”, – განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა.

როგორც მიტროპოლიტი ამბობს, დეკანოზ გიორგი მამალაძის პოზიცია არის ჯანსაღი:

თქვენც იხილავთ მალე – ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ დეკანოზი იქნება შეწყალებული და მოთხოვნა გაკეთდება. ვფიქრობ, პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს. დანარჩებს თქვენ იხილავთ. მსჯავრდებული თავად იტყვის ყველაფერ დანარჩენს. მართალია, მას არ უწყობს ჯანმრთელობა ხელს, თუმცა გამოჯანმრთელდება”.

მიტროპოლიტ ანტონის თქმით, არასწორია ინტერპრეტაცია, თითქოს საპატრიარქომ მსჯავრდებულ დეკანოზს შეწყალებაზე უარი უთხრა. მისი თქმით, დეკანოზ მამალაძისგან მიღებული პასუხების შესახებაც საპატრიარქოს შიგნით იმსჯელებენ.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ დეკანოზი უდანაშაულოა, ხოლო პატრიარქის პოზიციაც ამ საკითხზე არის დადებითი.

გუშინ, 28 თებერვალს, ციხის საავადმყოფოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის თანაშემწე და საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც შეხვდა.

ვინ რა (არ) იცის დეკანოზის “სკანდალურ წერილზე”