მოსაყდრე შიოს თანაშემწე ციხის საავადმყოფოში დეკანოზ მამალაძეს შეხვდა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის თანაშემწე და საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გუშინ ციხის საავადმყოფოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს შეხვდა, რის შესახებაც ტვ პირველთან ინტერვიუში ისაუბრა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, თავად გიორგი მამალაძის და მისი ოჯახის წევრების სურვილი იყო, მსჯავრდებული დეკანოზისთვის შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო საეკლესიო მსახურება შესრულებულიყო, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ხშირად ასრულებს ხოლმე ადამიანის ავადმყოფობის პერიოდში. დეკანოზი ანდრიას თქმით, ამ დროს ლოცულობენ როგორც სულიერი, ასევე ხორციელი ჯანმრთელობისათვის:

ეს ითხოვა გიორგი მამალაძემ და, რა თქმა უნდა, შევედი საავადმყოფოში. ასევე, ვისაუბრეთ განვითარებულ მოვლენებზე. როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად წინა დღეს განცხადება გავაკეთეთ, რომელსაც ზოგიერთი არასწორი ინტერპრეტაციაც მოჰყვა, თითქოს საპატრიარქომ გადაწურა იმედი შეწყალებაზე შუამდგომლობისა. ამ დროს ეს განცხადება ემსახურებოდა ერთი ძირითადი საკითხისადმი სინათლის მოფენას”.

როგორც მოსაყდრე შიოს თანაშემწე ამბობს, საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით არალოგიკური ქმედება ხორციელდებოდა მსჯავრდებულის ადვოკატების და იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დეკანოზ გიორგი მამალაძეს ქომაგობენ:

ეს არალოგიკურობა მდგომაორებს იმაში, რომ, ერთი მხრივ, საპატრიარქოს მისამართით შანტაჟის და მუქარის ენით იყო საუბარი, ხოლო, მეორე მხრივ, საპატრიარქოსაგან თხოულობდნენ შუამდგომლობას შეწყალებაზე. ბოლო სურათმა აჩვენა, რომ ეს იყო მიზანმიმართული სტრატეგია. ასევე, ჩვენ ვხედავდით იმას, რომ საპატრიარქოს არ მისცემოდა საშუალება, დარბილებულიყო ტონი და დაგვეყენებინა შუამდგომლობა იმიტომ, რომ თუ ამ ფონზე საპატრიარქო გადადგამს ნაბიჯს და დააყენებს შუამდგომლობას, მაშინვე წამოვა ახალი კამპანია, თითქოს შანტაჟის ქვეშ, გაუთქმელობის საფასურად გადავდგით ეს ნაბიჯი”.

დეკანოზი ანდრიას განცხადებით,  გიორგი მამალაძეს უთხრა, რომ “მისი საქმე იმ ადამიანების ხელში, ვინც მუდამ ეკლესიის წინააღმდეგ ცდილობდნენ ცილისმწამებლური/დისკრიმინაციული ტალღის აგორებას, იქცა მორიგ ინსტრიმუნტად, რომელთა მიზანია ასეთი მდგომარეობის გაგრძელება იმისთვის, რომ კიდევ დიდხანს იყოს სალაპარაკო დეკანოზ მამალაძის საკითხი”.

როგორც მოსაყდრე შიოს თანაშემწე ამბობს, არ წაუკითხავს დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი, თუმცა მიიჩნევს, რომ არაფერია იქ ეკლესიის საწინააღმდეგო და ის, რისი შიშიც უნდა ჰქონდეს თითქოს ეკლესიას:

იმ მხრიდან, ვინც დააყენა ეს საკითხი, თავად ისინი ლაპარაკობენ ამ წერილის აბსურდულობაზე, თითქოს მამა გიორგიმ დაწერა რაღაც განსაკუთრებული ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. ამიტომ ეს წერილი საყურადღებო არც უნდა იყოს და არ უნდა გამოქვეყნდეს. საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით მამა გიორგის და მის ოჯახსაც ვესაუბრე მანამდეც და მერეც. მათ კარგად ესმით, რომ როდესაც საუბარია ბრალეულობის წილის აღიარებაზე, აქ საუბარი არ არის საკანონმდებლო კუთხით რაღაც პირობაზე, რომ ეს უნდა აღიაროს, არამედ ეს არის სულიერ საკითხზე – ის, რაც მხოლოდ საეკლესიო კუთხით შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დანაშაული და გადაცდომა”.

რა წერია წერილში, რომელიც “ციანიდის საქმეზე” დაკავებულმა დეკანოზმა მღვდელმთავრებს 2017 წელს გაუგზავნა და ერთ-ერთი ადრესატის თქმით, ფარულ მუქარას შეიცავს და “საეკლესიო ბედუკაძეობას” ნიშნავს?

წერილი, რომელიც ამჟამად მღელვარების და განხილვის თემაა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ 2017 წლის გაზაფხულზე 4 მღვდელმთავრის სახელზე ციხიდან გაგზავნა. წერილის არსებობას, რომლის შინაარსიც უცნობია, ადასტურებენ როგორც დეკანოზის ოჯახის წევრები და ადვოკატები, ასევე, სასულიერო პირების ნაწილიც.

ვინ რა (არ) იცის დეკანოზის “სკანდალურ წერილზე”

საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მღვდელმთავრებისთვის გაგზავნილი წერილის და მისი საქმის მასალების გამოქვეყნება მოითხოვა.