მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი გაიხსნა

მარნეულში გაეროს ქალთა ორგანიზაციის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ პროექტის ფინანსური მხარდაჭერით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ინფორმაციით, კრიზისული ცენტრი არის ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, სავარაუდო მსხვერპლთა (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი მომსახურების დაწესებულება.

“კრიზისული ცენტრის მიზანია: კრიზისული ცენტრის ბენეფიციართა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; კრიზისული ცენტრის ბენეფიციართა ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარების/რეაბილიტაციის ხელშეწყობა”, – ნათქვამია ფონდის მირ გავრცელებულ განცხადებაში.