არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ყველა დანაშაულის გამოძიება და ომში დაზარალებული ადამიანების უფლებების აღდგენა, ხოლო იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საარსებო გარემოსა და ომში დაღუპულთა ოჯახებისა და დაზარალებული მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე სახელმწიფომ ზრუნვა უნდა გააგრძელოს.
ორგანიზაციების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კვლავაც გააგრძელოს აქტიური საგარეო პოლიტიკური საქმიანობა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით, არ შეასუსტოს საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლისთვის.
ხელისმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კვლავაც არ სრულდება: რუსეთის სამხედრო ნაწილები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს სხვადასხვა სოფელს შორის მავთულხლართებია აღმართული, ადამიანებს არ ეძლევათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება, ყოველდღიურად ირღვევა ჩვენი მოქალაქეების საკუთრებისა და გადაადგილების უფლება და მათ აკავებენ კონფლიქტის ზონაში საყოფაცხოვრებო მიზნებით გადაადგილების დროს.
განცხადებას ხელს აწერენ: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.