სერგო რატიანის მტკიცებით, ბრალდების მხარეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია:
“ბურჯანაძეც და ოქრუაშვილიც სანდო წყარო არ არიან. ეს ის ხალხია, რომლებმაც ათასჯერ გადათქვეს თავიანთი ჩვენებები. გახსოვთ, რომ შვიდ ნოემბერთან დაკავშირებით ბურჯანაძე ერთს ამბობდა მომდევნო დღეებში, სხვა რამეს ამბობს დღეს. როდის არის ის გულწრფელი, როდესაც პუტინის გვერდით იდგა, თუ როდესაც სააკაშვილის? ის პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეა. ირაკლი ოქრუაშვილიც არ მალავას ამას. “
რატიანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე შეიძლება საუბარი:
“შეგვიძლია პოლიტიკურ პასუხისმგებლბოაზე საუბარი. იმაზე, რომ ცემის საქმე აქამდე უნდა ყოფილიყო გამოძიებული და ეს არ იყო მართებული, თუნდაც პოლიტიკურად, მაგრამ ბრალდება სხვაა. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტზე, რვა თებერვალს არაერთ პარლამენტარზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ეს იმ ფონზე, როდესაც პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ პარლამენტარების მიმართ აგრესიაზე. ამ ფაქტებზე შეგვიძლია ძალიან მწვავე განცხადებები ვაკეთოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკვლელები ვეძახოთ ოპონენტებს. “
პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს და პრემიერ–მინისტრს ბრალი დღეს წაუყენა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.
პროკურატურის მტკიცებით, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.
