სევდია უგრეხელიძე თბილისის მთავრობაზე: ოპოზიციის კითხვები მათ მიაჩნიათ ზედმეტ კითხვებად

“ძალიან სამწუხაროა, რომ დავით ნარმანიამ და თბილისის მთავრობამ უარი თქვა ფრაქციებთან შეხვედრაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ აღიარებენ ოპოზიციის არსებობას, ოპოზიციის როლს. მათ არ სურთ, რომ ოპოზიცია არსებობდეს და ეს ნათელია როგორც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ისე თბილისის მთავრობის ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, თბილისელების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვით კომისიების სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე. ჩვენ დავსვამთ ყველა იმ შეკითხვას, რომელზედაც თბილისის მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუწევთ პასუხის გაცემა და სწორედ ეს მოგვცემს საშუალებას თბილისელებს რეალურად დავანახოთ, რამდენად სწორად არის შერჩეული კანდიდატურები და რამდენად იმსახურებენ ეს ადამიანები თბილისის მთავრობის წევრობას”, –განაცხადეს მათ.

 

სევდია უგრეხელიძის თქმით, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არ გამორიცხავდნენ შეთანხმების მიღწევასაც:

 

“ჩვენ თავიდანვე ძალიან კონსტრუქციულად ვიყავით განწყობილი და ვფიქრობდით, რომ საქმეს წაადგებოდა კონსენსუსით მუშაობა და გარკვეულ საკითხებზე იყო შესაძლებელი შეთანხმება. მაგრამ, როგორც ჩანს, აპრიორი უარყოფენ მუშაობის ასეთ სტილს დასამტკიცებელი მთავრობის წევრები და მათი ხელმძღვანელი.

 

ჩვენთვის ცხადია, რომ ოპოზიციის კითხვები მათ მიაჩნიათ ზედმეტ კითხვებად. ეს გამოჩნდა მათ დამოკიდებულებაში და იმაში, რომ შეხვედრა არ ჩაატარეს“.

 

მისი თქმით, კომისიის სხდომაზე მათ არ მიეცემათ მათთვის სასურველი ყველა შეკითხვის დასმის საშუალება:

 

“გაერთანებული კომისიის სხდომებია და იქ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საკითხი იქნება თავმოყრილი და შეუძლებელი იქნება, რომ ჩვენ ყველა კითხვა დავსვათ, რომელიც გაგვაჩნია, ყველაფერზე შევთანხმდეთ, ან არ შევთანხმდეთ და გამოვარკვიოთ, როგორ უნდა ვიმუშავოთ მომავალში” – განაცხადა უგრეხელიძემ.

 

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ ნაციონალური მოძრაობის განცხადებას პროვოკაცია უწოდა.

 

“ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა, ვინაიდან ჩვენ შევჯერდით ყველაზე საუკეთესო ფორმატზე, რაც კი შეიძლებოდა განხორციელებულიყო მთავრობის მომავალ წევრებთან შეხვედრაზე და მათთან უკვე ჩამოყალიბებაზე იმ თემებზე, თუ როგორ აპირებენ ისინი თავიანთი პროგრამის ხედვიდან გამომდინარე მოქმედებას და უკვე შემდგომში – მუშაობას. აქედან გამომდინარე ნაციონალურ მოძრაობას და ასევე სხვა ნებისმიერ შემომავალ პარტიას საკრებულოში მიეცემა საშუალება კომისიის სხდომის ფორმატში დაუსვან კითხვები მთავრობის შემადგენლობის წევრებს.

 

ფრაქციებში საკრებულოს ყველა წევრი არ ერთიანდება. აქედან გამომდინმარე, კომისიაში ყველა წევრი შედის. ყველაზე საუკეთესო ფორმატი იქნება ის, რომ კომისიებს მიეცეთ საშალება დაუსვან კითხვები მთავრობის წევრებს” – ამბობს კობახიძე.