ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის მთავრობა ერთი და იგივე პიროვნებებს ყოველწლიურად აფინანსებდა – აუდიტის ანგარიში

9 თებერვალი, 2019 •
აფხაზეთის მთავრობა ერთი და იგივე პიროვნებებს ყოველწლიურად აფინანსებდა – აუდიტის ანგარიში

ანგარიშის მიხედვით, რომელიც აუდიტის სამსახურმა გამოქვეყნა 8 თებერვალს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სოციალური მდგომარეობის გამო ყოველწლიურად და წელიწადში რამდენიმეჯერაც კი ერთი და იგივე პიროვნებებს აფინანსებდა, მაშინ როცა მსგავსი პრობლემების მქონე პირების იმავე ტიპის განცხადებები არ დაკმაყოფილდა და  არც სხვადასხვა უწყებებში გადაგზავნილია.

ეფექტიანობის აუდიტი ანგარიშის მიხედვით, რომელიც აფხაზეთის მთავრობის 2017 წლის ბიუჯეტის  ხარჯვას ეხება, სარეზერვო ფონდიდან მატერიალური დახმარების თხოვნის მიზნით, მთავრობის აპარატში 2017 წელს სულ 2,266 კორესპონდენცია (განცხადება, წერილი) შევიდა, რომელთაგან დაფინანსდა 910 ფიზიკური პირი და მათთვის მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით, ჯამში, დაიხარჯა 196,840.00 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ფინანსური დახმარების მიზნით, დაკმაყოფილდა (დაფინანსდა) 13 განცხადება/წერილი, ჯამში − 23,155.00 ლარით, შესაბამისად, სარეზერვო ფონდიდან, ჯამშ,ი 219,995.00 ლარი დაიხარჯა.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს დაფინანსებული ფიზიკური პირების ბაზის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წელს 19 პირზე 2-ჯერ ან 3-ჯერ გაიცა ფინანსური დახმარებები, ჯამში − 7,300.00 ლარი. ასევე აღსანიშნავია, რომ მათგან 16 პირი ასევე დაფინანსებული იყო 2016 წელსაც, ხოლო 9 პირი დაფინანსებულია როგორც 2016, ისე 2015 წელს.

აუდიტის  სამსახური იუწყება, რომ  ცხრამეტივე ფიზიკური პირის დაფინანსების ყველა შემთხვევის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 15 შემთხვევაში განცხადების თანდართული დოკუმენტებით ფაქტობრივად არ დასტურდება განცხადებაში აღწერილი ფაქტები, ანუ დახმარების თხოვნის მიზეზები არაა დასაბუთებული.

აუდიტის სამსახური იუწყება, რომ ბევრი დევნილის განცხადება არც დაკმაყოფილდა და არც სხვა უწყებებეში გადაგზავნილა.

შესწავლის შედეგად აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ სარეზერვო ფონდიდან ფიზიკური პირების დაფინანსების პროცესში არ იყო დაცული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, აგრეთვე დაფინანსების მთხოვნელ განმცხადებელთა დაკმაყოფილების კონკრეტული კრიტერიუმების არარსებობის გამო, არ იყო დაცული შერჩევის სამართლიანობა, გამჭვირვალობა და თანაბარი პირობები, რაც წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტის, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვისა და არაეკონომიური, არაეფექტიანი, არაპროდუქტიული მართვის რისკებს.

ამას გარდა, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2017 წელს აფხაზეთის მთავრობაში პრობლემური იყო:

[crosslist]

  • „თანამშრომელთა აღრიცხვის ჟურნალში“ არ ფიქსირდებოდა  თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების ზუსტი დრო, აპარატის ზოგიერთი თანამშრომელი არ ფიქსირდება აღრიცხვის ჟურნალში. ისინი ან საერთოდ არ აწერდნენ ხელს ჟურნალში, ან უმრავლეს შემთხვევაში, ჟურნალში დაფიქსირებული ხელმოწერები არასრულია, ან არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას;
  • შტატგარეშე თანამშრომლები – აუდიტის დასკვნის მიხედვით, აფხაზეთის  მთავრობის აპარატის მიერ შტატგარეშე მოსამსახურეთა დასაქმების კუთხით არ იყო გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

[/crosslist]

გარეკანის ფოტო: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. ფოტო: აფხაზეთის მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი