ლევან ბერძენიშვილის თქმით, რუსეთის ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, თუმცა ის ქართულ ეკონომიკაზე არ აისახება:
“ამ ნაბიჯის პროგნოზირება შეიძლებოდა და მთავრობაც დარწმუნებულიც იყო, რომ ასე მოხდებოდა, რადგან მოლდოვასთან ანალოგიური ნაბიჯი რუსეთმა უკვე გადადგა. მაგრამ, ჩვენი არჩევანი, რასაც მოვაწერეთ ხელი, ევროპასთან ურთიერთობა, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობა, არჩევანი გაკეთდა 500 მილიონიანი ბაზრის სასარგებლოდ. გასაგებია, რომ ამ არჩევანს მოჰყვება გარკვეული სირთულეები, მარტო სიკეთეები არა. ევროპისგან მოდის სიკეთე და რუსეთი ხელშეკრულებას ცალმხრივად აუქმებს. მოყვება ამას შესაბამისი ეკონომიკური შედეგები, რომელიც არ აისახება ქართულ ევროპულ ურთიერთობებზე და საერთოდ არ აისახება ქართულ ეკონომიკაზე, პირდაპირ გეტყვით. ცალკეული ადამიანების ბიზნესი დაზარალდება. იმის გამო, რომ რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობა შეგვენარჩუნებინა, ვერც ოკუპაციას ვაპატიებდით და ვერც ევროპაზე ვერ ვიტყოდით უარს. მე არ მგონია, რომ ამ ნაბიჯმა რამე შეცვალოს. “
რუსეთის ფედერაციამ შეიმუშავა სამთავრობო კანონპროექტი რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანმების შეჩერების თაობაზე.
როგორც პროექტის დადგენილებაშია ნათქვამი, საქართველოსთან 1994 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეჩერება რუსეთის შესაბამის უწყებებთან არის შეთანხმებული – საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებთან.
