“ჩვენ გვგონია, უბრალოდ, სირცხვილია, რომ სწავლობდე უნივერსიტეტში, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია, – ეს განცხადება განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მინისტრის თქმით, ეროვნულ გამოცდებზე ჰუმანიტარული მიმართულებით ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს სამ სავალდებულო საგანს შორის აუცილებლად მოუწევT ისტორიის ჩაბარება ისევე, როგორც ქართულისა და უცხო ენის, ხოლო ტექნიკური მიმართულებით – მათემატიკის, ქართულისა და უცხო ენის.
მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე ჰუმანიტარული და ტექნიკური მიმართულებით ჩასაბარებელ სამ სავალდებულო საგანს დაემატება მეოთხე საგანი, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს. ბატიაშვილის თქმით, უნივერსიტეტის მოთხოვნილ საგანზე გამოცდის ჩატარებას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.
ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი აუცილებელი საგნების რაოდენობა. პროექტის მიხედვით, ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება“, თუმცა აქვე დასძენენ, რომ 2020 წლიდან უმაღლესი სასწავლებლები თვითონ დააწესებენ მისაღები ქულების ბარიერს.
2020 წლიდან ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – სამინისტრო