ეკა ბესელია აცხადებს, რომ რომან შამათავას ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლა არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა. მისივე მოსაზრებით, ხურჩის ეპიზოდი დადგმული იყო და მიზნად მოსახლეობის დაშინებას ისახავდა:

 

“რომან შამათავა არ გამართლებულა, ის სასამართლომ სცნო დამნაშავედ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სწორედ ხურჩის ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დანაშული იყო ჩადენილი შამათავას მიერ კუდის უფოროსად მუშაობის დროს. ხურჩის ეპიზოდის მოწყობა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ მოსახლეობა დაეშინებინათ და ასეთი სცენარით, ხელოვნურად დადგმული იმიტაციით, მიზანი იყო არა ტერორისტული აქტის მოწყობა, როგორც სასამართლომ ჩათვალა, არამედ ის, რომ მოსახლეობა ყოფილიყო შიშისა და ტერორის ქვეშ. ამ ნაწილში შამათავა დამნაშავედ არის ცნობილი, კვალიფიკაციის ცვლილება არ ნიშნავს გამართლებას და მას მიესაჯა სასჯელი. ხურჩის ეპიზოდი იყო დადგმული, ხელოვნურად წინა ხელისუფლების მიერ და სასამართლომ თქვა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი წინა ხელისუფლების ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების მიერ ასეთი ტიპის დანაშაულებრივი ფაქტის ჩადენას. “

 

ადვოკატმა რომეო საჯაიამ დღეს განმარტა, რომ იმ მუხლს, რომელშიც რომან შამთავა გამტყუნდა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მან ასევე განაცხადა, რომ ბესელიამ შამათავას უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია და ბოდიში უნდა მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯაია სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

 

ეკა ბესელია ამ მოთხოვნას უკბილო ხუმრობას უწოდებს და ამბობს, რომ საჯაია ბევრ უკანონო ფაქტთანაა კავშირში:

 

“ადვოკატს თავის უკბილო ხუმრობაზე ალბათ თვითონვე გაეცინა, როცა ამბობდა. ბოდიშის მოხდა არ უშველის მათ. მათ შორის რომეო საჯაიას ძალიან ბევრ უკანონო ფაქტთან ჰქონდა შეხება, როცა ის როლანდ ახალაიასთან ერთად უკანონოდ ახორციელებდა საპროკურორო საქმიანობას. ამ საქმეებზეც არსებობს უამრავი კითხვა და ამას ალბათ დაუბრუნდებიან მოგვიანებით შესაბამისი უწყებები.”

 

2013 წლის 22 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე შსს–ს პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა დაკაავეს.

 

შამათავასთან ერთად დააკავეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია, რომელიც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომან შამათავამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტის.

 

გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩასაფრებულმა რომან შამათავამ, მალხაზ მურღულიამ და მათმა თანამზრახველებმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ურთიერთშორის ნაწარმოები მრავალჯერადი გასროლით მშვიდობიან მოსახლეობაში გამოიწვიეს პანიკა.

 

მალხაზ მურღულიამ ,,ერ პე გე“-ს ტიპის ყუმბართმტყორცნიდან განხორციელებული ორი გასროლით ააფეთქა ხალხის გადასაყვანად მობილიზებული ავტობუსები აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა ორივე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მოქალაქე ნანი ქარდავამ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *