პუტინი უკრაინაში მორწმუნეთა უფლებების დაცვას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს  და ამბობს, რომ იტოვებს რეაგირების უფლებას  “რწმენის თავისუფლების დასაცავად”.

“საეკლესიო საქმეებში ნებისმიერ ჩარევას რუსეთის სახელმწიფო, ხელისუფლება აბსოლუტურად დაუშვებლად მიიჩნევს. ჩვენ პატივს ვცემდით და მომავალშიც პატივს ვცემთ საეკლესიო ცხოვრების და, მით უმეტეს, მეზობელი სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამის მიუხედავად, უფლებას ვიტოვებთ გვქონდეს რეაგირება და ყველაფერი გავაკეთოთ ადამიანის უფლებების, მათ შორის რწმენის თავისუფლების დასაცავად”, – განაცხადა პუტინმა პირველ თებერვალს.

ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილის ინტრონიზაციიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გააკეთა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ჯერჯერობით უცნობია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია.


დღეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი დაემუქრა  საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას:

“მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქატის გადაწყვეტილებით შეიქმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეუფეების უმეტესობა ის ხალხია, რომელსაც კარგად ესმის რეალური ეკლესიური სინამდვილე და ესმით, რა ემუქრება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში”.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ზენონი ალფეევს ასე გამოეხმაურა:

“ვთქვი რა ჩემი პოზიცია, სადაც კანონიკური სამართლის მიხედვით კანონიკურად მივიჩნიე მსოფლიო საპატრიარქოს სინოდალური გადაწყვეტილება უკრაინაში ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსების შესახებ, ამ განცხადების ერთ-ერთ ადრესატად ლოგიკურია, რომ მივიჩნიე საკუთარი თავი. ნებისმიერი მუქარის შემომთვლელის, შიდაარეულობის მოსურნე განმცხადებლის მისამართით მოვიხმობ წმიდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით”.


მოკლედ: