ახალ სახელმძღვანელოებზე სამინისტრო 13 მილიონამდე ლარს დახარჯავს

განათლების მინისტრის განმარტებით, სახელმძღვანელოების საჭირო რაოდენობა გამოთვლილია 2013-2014 წლების ცვეთის მაჩვენებლის გამოყენებით და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით.


სანიკიძე ამბობს, რომ სასწავლო წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეფასდა სისტემაში არსებული სახელმძღვანელოების მდგომარეობა სპეციალურად შექმნილი პროგრამის მეშვეობით და დაადგინდა ვარგისი სახელმძღვანელოების მოსალოდნელი მაჩვენებელი სასწავლო წლის დასასრულისთვის.


“კვლევის მიხედვით, პირველკლასელთა სახელმძღვანელოების შემთხვევაში ცვეთა უფრო მაღალია. დაბალ კლასებში ცვეთა 35-75%-მდე მერყეობს,”- ამბობს სანიკიძე.


მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების 65%-ის შესყიდვა განხორციელდება, გარკვეული წიგნების რაოდენობა კი სასკოლო რეზერვებში იქნება. 


“თითოეული მოსწავლისთვის შედგება ახალი და გამოყენებული წიგნების კომპლექტი იმისთვის, რომ არ იყოს უსამართლობის განცდა, რომ ვიღაცას მხოლოდ ახალი, ან ძველი სახელმძღვანელოები შეხვდა.”

 

როგორც მინისტრი აცხადებს, დაზიანებული წიგნებისთვის მშობელს ფულის გადახდა არ უწევს – ხდება სახელმძღვანელოების ჩანაცვლება. 

 

“სასწავლო წლის განმავლობაში 195 მოსწავლის მშობელმა ჩაანაცვლა 289 სახელმძღვანელო. ძირითად მიზეზად სახელდება სახელმძღვანელობის დაკარგვა.”  

 

თამარ სანიკიძის თქმით, კიდევ ერთი სიახლეა ახალ სასწავლო წელს – პირველკლასელები ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებულ სპეციალურ ფურცლებზე დაბეჭდილ წიგნებს მიიღებენ.


სასკოლო სახელმძღვანელოებს “გაერთიანებული ქართული სტამბა” ბეჭდავს, რომელიც მოიცავს სტამბებს – “ფავორიტი,” “ფორმა,” “მვპ” და “სეზანი.”


რაც შეეხება ბილინგვურ სახელმძღვანელოებს, მათი შესყიდვა განათლების სამინისტროს გამომცემლობებისგან მოუწევს.