მონდომებული ვართ ანაკლიის პორტმა საბოლოო სახე მიიღოს – ევროკომისიის წარმომადგენელი

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაში. ეს განცხადება მან ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ჰენრიკ ჰოლოლეის თქმით,  ანაკლიაში პორტთან ერთად შეიქმნება სავაჭრო-ლოჯისტიკური ცენტრი, შესაბამისად, ევროკავშირი მონდომებულია, ეს  პროექტი ბოლომდე განხორციელდეს.

„საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ერთ–ერთი პრიორიტეტული პროექტია. ქვეყანას სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაში. სადღეისოდ საქართველოს პორტებს არ შეუძლიათ გემების 75%–ის მიღება იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ღრმაწყლოვანი პორტი. ანაკლია არამარტო პორტი იქნება, არამედ ეს იქნება სავაჭრო-ლოგისტიკური ცენტრი, ეს იქნება ეკოსისტემა. ეს არის ძალიან ამბიციური პროექტი და მონდომებული ვართ, რომ ამ პროექტმა საბოლოო სახე მიიღოს. ეს არის ერთ–ერთი იმ პროექტებს შორის, რომელიც არის ევროკავშირ–საქართველოს შორის პრიორიტეტული და, რა თქმა უნდ,ა ჩვენ მოხარული ვიქნებით, ვნახოთ, რომ ეს პროექტი მიიწევს წინ,”- განაცხადა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა.