ოპოზიცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” შემავალმა პარტიებმა, “ევროპულმა საქართველომ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” შესაბამის მემორანდუმს დღეს მოაწერეს ხელი.

“25 პარტია შეიკრიბა ამ მაგიდის გარშემო, ერთი იდეით გაერთიანებული, რომ ჩვენ საარჩევნო სისტემა გავხადოთ რაც შეიძლება უფრო დემოკრატიული… განვლილმა სარჩევნო კამპანიამ გვაჩვენა, რომ ყველაზე ქმედითი, საჭირო, ეფექტური ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან არის პირდაპირი კონტაქტი. მოქალაქეებს უნდა შევხვდეთ ისევე, როგორც ამას ვაკეთებდით საპრეზიდენტო არჩევნებში. უმორჩილესი თხოვნა მაქვს ყველა ლიდერთან, შემოგვიერთდით. ჩვენ ამ ფორმატში უნდა შევიკრიბოთ, ავიღოთ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი და გავიყოთ, მოვილაპარაკოთ, ვინ სად იმოძრავებს”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ უნდა შეაგროვოს 200 000-ზე მეტი, შესაძლოა, მილიონი ხელმოწერა იმისთვის, რომ საარჩევო სისტემა სამართლიანი გახდეს.

ხელმოწერების შეგროვების შემდეგ საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტში სანდრო ბარამიძე და მამუკა კაციტაძე შეიტანენ.

“ჩვენ შევაგროვებთ მილიონზე მეტ ხმას და დავუდებთ ხელისუფლებას. მას მოუწევს აუხსნას მოსახლეობას, თუ რამე სიკეთეა 2024 წელს, რატომ არ არის 2020 წელს. ხელისუფლებას მოუწევს შეცვალოს სისტემა, რომელიც არის ყველა პოლიტიკური თუ ეკონომიკური უბედურების თავწყარო; მოუწევს შეცვალოს სისტემა, რომელიც იწვევს ჩვენი დემოკრატიის ეროზიას”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.