დეპუტატი აცხადებს, რომ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს:

 

“ჩვენ ნდობას ვუცხადებთ მთავრობას და არა კონკრეტულ მინისტრს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლიათ გითხრათ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი მხარს დაუჭერს იმიტომ, რომ ნდობას უცხადებს პრემიერს დღევანდელი პარლამენტი, ასევე მთავრობის შემადგენლობის იმ ნაწილს, რომელსაც უკვე ვიცნობთ და დარწმუნებული ვარ, არც მთავრობის ახალ შემადგენლობასთან იქნება პრობლემა. “

 

მისივე თქმით, მინისტრობის კანდიდატებს და მათ ხედვას არ იცნობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მინისტრთა კაბინეტის განახლება საქმისთვის კარგია:


“ეს ადამიანები მოვლენ პარლამენტში, ჩვენ მათ მოვუსმენთ. ამ ადამიანებს მე არ ვიცნობ, დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგების უმრავლესობაც არ იცნობს მათ, ამიტომ მთავარი და მნიშვნელოვანი იქნება, რას მოვისმენთ მათგან მთავრობის ახალი შემადგენლობის განხილვის დროს. ამის შესაბამისად ყველანი გავაკეთებთ დასკვნებს, რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს. ახალი ადამიანები როდესაც მოდიან მთავრობაში, ეს ყოველთვის კარგია და ყოველთვის სასარგებლოა ხოლმე საქმისთვის. “

 

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 22 ივლისს 6 მინისტრის კანდიდატურა წარადგინა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრად  ოთარ დანელია დასახელდა, იგი ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილე იყო. სასჯელაღსრულების მინისტრად- გიორგი მღებრიშვილი. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა, პრემიერის განცხადებით მღებრიშვილი შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. მინისტრად წარდგენამდე იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი. ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე პრემიერმა დავით შავლიაშვილი წარადგინა, შავლიაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა, ამ დრომდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობდა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი – გელა დუმბაძე,  იგი განათლებით ფილოლოგია, მან ასევე დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. პრემიერს დღეს არ დაუსახელებია კულტურის მინისტრის კანდიდატურა, მისი თქმით, ამის შესახებ ხვალ, 23 ივლისს გახდება ცნობილი.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *