არბიტრაჟის მეშვეობით, სამოქალაქო და ფინანსური დავების გადაწყვეტა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, რადგან მისი მეშვეობით დავების მოგვარება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე სასამართლოს გზით, თუმცა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის თქმით, საქართველოში ეს სისტემა ისეთივე პოპულარული ვერ გახდა, როგორც, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, “კანონპროექტის მიღების მთავარ მიზეზს წარმოადგენს საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარების შემაფერხებელი საკანონმდებლო გარემოს არსებობა, რომელიც უნდა შეიცვალოს არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობისა და პოპულარობის გაზრდის მიმართულებით”.
„იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა სამინისტროში კერძო სამართლის უწყებათაშორისი კომისია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას იღებენ ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ სახეზე გვაქვს უკვე კანონპროექტი „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც საქართველოში წინ წამოწევს არბიტრაჟის ინსტიტუტს რამდენიმე მიზნით. პირველი: ბიზნესმენებს დავების მარტივად გადაწყვეტის საშუალება ჰქონდეთ ნაკლებ ფასად; არ იყვნენ იძულებული, რომ ყოველ დავაზე იარონ სასამართლოში და თავად გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა, რომ მათი პოტენციური დავები განიხილოს მოსამართლემ თუ არბიტრაჟმა. ჩვენ მიზნად ვისახავთ იმას, რომ სასამართლოში ბაჟი იყოს სიმბოლური, რომ არბიტრაჟის გზით მოსიარულე ბიზნესმენს არ მოუწიოს, ჯერ არბიტრაჟს გადაუხადოს დიდი თანხა და შემდეგ სასამართლოს. ამით ბიზნესმენებს მიეცემათ დიდი შვება. ჩვენი მიზანია, არბიტრაჟი გახდეს მოქნილი ინსტრუმენტი, დაუახლოვდეს არბიტრაჟის წესები გაერო-ს არბიტრაჟის წესებს, გახდეს მარტივი, მოქნილი და პოპულარული“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ჰონორარის საკითხი, რომელიც დავის განხილვის მიზნით არბიტრაჟს უნდა გადაეცეს, მხარეებსა და არბიტრაჟს შორის მოლაპარაკებების საგანია, თუმცა, წულუკიანის თქმით, როდესაც არბიტრაჟის გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ აღსასრულებლად ვარგისად უნდა იქნეს ცნობილი, ბიზნესმენს სასამართლოშიც უწევს ბაჟის გადახდა:
“სასამართლოში ჩვენ დავადგენთ ძალიან პატარა თანხას. სასამართლოში ბაჟის გადასახადი სიმბოლური იქნება და ამით ბიზნესმენებს მიეცემათ დიდი შვება”, – ამბობს წულუკიანი.
ნინო ევგენიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ზემოხსენებული ბაჟის გადასახადი მოქმედი წესით ბიზნესმენებს შორის სადავო თანხის 3 პროცენტს შეადგენს, რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დიდი ფულია, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით კი გადასახდელი 150 ლარი იქნება:
“ეს ყვეალფერი ემსახურება იმას, რომ ბიზნესმენებს გაუადვილდეთ დავის წარმოება. მოგეხსენებათ, სასამართლო დავები თვეების განმავლობაში გრძელდება ხოლმე, ამიტომ კერძო საარბიტრაჟო სასამართლოები მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი გახლავთ. მართალია, ჩვენთან ეს პოპულარული არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით წინ გადაიდგმება, მისასალმებელია. მოგეხსენებათ, სასამართლო განხილვების დროს ხდება ანგარიშების დაყადაღება და ასე შემდეგ, რაც ბიზნესმენს არ აძლევს ოპერირების საშუალებას, ხოლო არბიტრაჟი არის სწრაფი და მარტივი გზა პრობლემების გადასაწყვეტად”, – აცხადევს ევგენიძე ნეტგაზეთთან საუბარში.
“ძირითადი ხარვეზი არის თვითონ არბიტრაჟის ფასი. ცვლილებების მიხედვით ბაჟი შემოსაზღვრულია ზღვრული ფასით, რაც არბიტრაჟის უფრო გაიაფებას იწვევს”, – ამბობს ნიკა ნანუაშვილი, საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი. იგი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ არბიტრაჟი კორუფციის რისკებს შეიცავს. ამავე აზრზეა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომლის თქმითაც, დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სისტემის ჩამოყალიბება სასამართლოების განტვირთვას უზრუნველყოფს:
“დღეს სამოქალაქო სასამართლოები არის გადატვირთული და აუცილებელია მათი განტვირთვა. ასევე აუცილებელია, რომ სპეციალური კომპეტენციის მქონე მოსამართლეებმა განიხილონ ბიზნესდავები და ეს კომპტენცია უნდა იყოს ძალიან მაღალი იმისთვის, რომ დამოუკიდებელმა არბიტრაჟის სისტემამ ეფექტიანად იმუშაოს. ეს ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს მინისტრი.
თეა წულუკიანმა ზემოხსენებული კანონპროექტი ბიზნესის წარმომადგენლებს დღეს, 22 ივლისს გააცნო. მისი თქმით, დოკუმენტი ჯერ მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად და შემდეგ პარლამენტშიც შევა. გარდა ბაჟის ზემოხსენებული გადასახადის ფიქსაციისა, დოკუმენტი სხვა ცვლილებებსაც ითვალისიწნებს, რომლებიც წულუკიანის თქმით, კანონის საერთაშორის სტანდარტებთან დაახლოებას უზრუნველყოფს:
“კანონპროექტის მიზანია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ“ „UNCITRAL“-ის მოდელურ კანონთან, ასევე, საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება, არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობის და პოპულარობის გაზრდისა და განვითარების ხელშეწყობა.
კანონპროექტის თანახმად, „UNCITRAL“-ის მოდელურ კანონთან შესაბამისობის მიზნით, ზუსტდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის, ასევე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების საფუძვლები.
წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მე- 9 მუხლის ხარვეზის გამოსწორება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეუძლია, უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს საქმის წარმოება მხოლოდ საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შემდეგ.
შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით დგინდება, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში მხარის მოთხოვნით სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას. წარმოდგენილი ცვლილებებით, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, მათ აღარ მოეთხოვებათ შეთანხმების სანოტარო წესით დამოწმება ან ადვოკატთა ხელმოწერა; არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხის გადაწყვეტას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ნაცვლად განახორციელებს სააპელაციო სასამართლო”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა და კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის (რომელიც აერთიანებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორის, ადვოკატთა ასოციაციის, აკადემიური და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს) წევრებმა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
