როგორც გურიელიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, დავით ნარმანიას განცხადებას ზოოპარკის გატანასთან დაკავშირებით არ იცნობს და არც კონსულტაციები ჰქონია.
თუმცა, მისივე განმარტებით, დავით ნარმანიასთან შეხვედრა ჯერ კიდევ მისი მინისტრობის დროს ჰქონდათ, რა დროსაც ზოოპარკის განვითარებაზეც უსაუბრეს.
თბილისის ზოოპარკის გადატანაზე თბილისის ახალმა მერმა დღეს, 21 ივლისს ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა “ბიზნეს კონტაქტში” ისაუბრა.
“მას შემდეგ, რაც თბილისში მოხდა ახალი გზის გაჭრა გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, იქ დაირღვა ეკოლოგიური მდგომარეობა. მდინარე ვერე მოექცა გზის ქვეშ, გაიჩეხა ხეები და ა.შ. პრობლემები გაუჩნდათ ზოოპარკის მობინადრეებსაც. ამიტომ ჩვენ გვაქვს ეგეთი მონახაზი, რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე დამატებით რეკრეაციული ზონა შევქმნათ და გავაფართოვოთ და დავრგოთ ხეები. გარდა ამისა, გვინდა ზოოპარკის და მზიურის ტერიტორია ერთმანეთთან დავაკავშიროთ გადასასვლელი საფეხმავლო ესტაკადით, რათა ერთიანი სივრცე გაკეთდეს,”- განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის ზოოპარკის გატადანის პროექტებზე 5 ივნისს, მედიასთან შეხვედრისას ზოოპარკის დირექტორიც საუბრობდა.
იმის გამო, რომ ცხოველებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია [ტრანსპორტის ხმაური, გარემო], თბილისის მერიამ ზოოპარკს 50 ჰექტარი ფართობის ტერიტორია თბილისის ზღვაზე უზურფრუქტით გადასცა.
დღესდღეობით თბილისის ახალი ზოოპარკის რამდენიმე პროექტი არსებობს, რომელთა ფინანსური დანახარჯები 100-დან 500 მილიონი ევროა.
“500 მილიონი ევროთი აშენებული ზოოპარკი მსოფლიოში საუკეთესო იქნებოდა. მაგრამ ასეთი ფინანსების მოძიებას და შემდეგ უკვე ზოოპარკის შენახვას ვერ შევძლებდით,”- განუცხადა მაშინ მედიის წარმომადგენლებს ზურაბ გურიძელიძემ.
შესაბამისად, გადაწყდა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებული 50 ჰექტარი მიწის ფართობის გამოყენება სამეცნიეირო და კონსერვაციული მიზნით. გურიელიძის თქმით, ზოოპარკი იქ გადაიყვანს იმ ცხოველებს, რომლებიც ზოოპარკში ვეღარ ეტევიან.
“ამჟამად 15 დათვი გვყავს. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. ვეღარ ეტევიან. მთლიანად საქართველოში 50 დათვია სხვადასხვა ადგილას, უმძიმეს პირობებში. მაგალითად, რესტორნების ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ასეთი რესტორანი “ედემის ბაღი” რიკოთზეა, სადაც დათვი 2 კვადრატულ მეტრში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ყველა ეს დათვი ჩამოსართმევია, მაგრამ მათი გადაყვანის ადგილი ფიზიკურად არ არსებობს. თბილისის ზღვაზე სწორედ დათვების თავშესაფარი იქნება. ეს ყველაფერი 300-400 ათასი ლარი მაინც დაჯდება, რომელიც ჩვენი აზრით, ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს. შემდეგ უკვე მოვლა- პატრონობას ჩვენს თავზე ავიღებთ.”
