2020 წლიდან ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – სამინისტრო

ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი აუცილებელი საგნების რაოდენობა. პროექტის მიხედვით, ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება“, თუმცა აქვე დასძენენ, რომ 2020 წლიდან უმაღლესი სასწავლებლები თვითონ დააწესებენ მისაღები ქულების ბარიერს.

არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი კარგავს გრანტის მიღების შესაძლებლობას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები გამოწვეულია  არა გამოცდაზე, არამედ შედეგზე ორიენტირების, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი გაზრდისა და მშობლებისათვის ნაკლები დანახარჯების გამო.

ახალი მოდელის პრეზენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 28 იანვარს გამართა.