“მამების როლი ბავშვთა განვითარების პროცესში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დედების. ბავშვი განსაკუთრებულ წარმატებას აღწევს მაშინ, როდესაც გრძნობს მშობლების თანადგომასა და სითბოს. მათი ერთობა და სიძლიერე წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ბავშვის შემდგომი წარმატებისთვის. „პირველი ნაბიჯი საქართველო“ ცდილობს გაზარდოს მამების ჩართულობა და როლი შვილების განვითარების პროცესში. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი პროგრამის “ბავშვთა ადრეული განვითარების” გუნდის ინიციატივით, ძალიან საინტერესო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. უკვე მეორე წელია, რაც ჩვენი ორგანიზაცია აღნიშნავს 19 ივლისს „მამების დღეს“, რომელიც ჩვენი ბენეფიციარების მამებს ეძღვნებათ და მასში მონაწილეობას მამებთან ერთად მთელი ოჯახი ღებულობს,”- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

„პირველი ნაბიჯი საქართველოში” აცხადებენ, რომ ორგანიზაციის 15-წლიანმა დაკვირვებამ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ოჯახი, რომელსაც უჩნდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, პირველ ეტაპზე განსაკუთრებულ სტრესს და იმედგაცრუებას განიცდის.

 

“ჩვენი მიზანია ასეთი ოჯახებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება იმ სირთულესთან დაკაშირებით, რომელშიც ისინი აღმოჩდნენ და მათი თანადგომა, რათა შეძლონ სწორად და ეფექტურად მართონ სირთულე, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საკუთარი შვილის განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციას. ოჯახების გაძლიერება და თანადგომა „პირველი ნაბიჯის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ზემოხსენებული ღონისძიება – „მამების დღე“.

 

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ –  არის არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც 1998  წელს დააფუძნა ჯეინ ქორბოიმ და ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ. ორგანიზაცია ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს.

 

ხვალინდელი აქცია “პირველი ნაბიჯის“ ოფისის ტერიტორიაზე (ლუბლინას ქ. #21ბ, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიის მიმდებარედ) გაიმართება.  


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *