ახალი ამბები

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს ქულა შეუმცირდა

25 იანვარი, 2019 • 2366
Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს ქულა შეუმცირდა

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს ქულა შეუმცირდა. შედეგად,  75.9 (მაქსიმალური ქულა 100) ქულით საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-16 პოზიციას იკავებს.

0.3 ქულა ქვეყანას სხვადასხვა კრიტერიუმში მდგომარეობის გაუარესების გამო მოაკლდა, თუმცა ამას სიაში ადგილის ცვლილება არ გამოუწვევია და გასული წლის მსგავსად, მე-16 პოზიციაზე, “უმეტესად თავისუფალი” ქვეყნების რიგშია.

ინდექსის მიხედვით, ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის საქართველო მე-8 ადგილს იკავებს. ამ შემთხვევაში პოზიცია ერთი ადგილით გაუმჯობესებულია, რადგან 2018 წლის ინდექსში საქართველო მე-9 ადგილზე იყო.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში წერია, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყანაში წარმატებული რეფორმები გატარდა, რასაც შედეგად მოჰყვა კორუფციის შემცირება, რეგულაციების გაუქმება, გადასახადების სისტემის გამარტივება და ღია ბაზარზე გადასვლა.

2019 წლის რეიტინგი აფასებს შემდეგ 4 მიმართულებას: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს.

საქართველოს სარეიტინგო ქულა 12 კომპონენტიდან 5 კომპონენტშია გაუმჯობესებული. ესენია საკუთრების უფლება, მთავრობის დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი, ფისკალური მდგრადობა და ფინანსური თავისუფლება.  6 კომპონენტში- მთავრობის ერთიანობა, სასამართლოს ეფექტურობა, ბუზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება –  ქულა შემცირებულია. რაც შეეხება ინვესტიციების თავისუფლებას, საქართველოს წინა ანგარიშის მსგავსი შეფასება აქვს.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ქვეყანაში კერძო საკუთრება დაცულია, ხოლო საკუთრების რეგისტრაცია- მარტივი. Heritage Foundation წერს, რომ მიუხედავად კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო თავისუფლებისა, პოლიტიკური ზეწოლა საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების მიუკერძოებლობას. ამასთან, ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა მაღალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა საჯარო სექტორში კორუფციის დონე კვლავ პრობლემად რჩება.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, თავისუფალ ქვეყნებს შორის, სადაც შეფასების ქულა 100-დან 80-მდეა, შედის 6 ქვეყანა: ჰონკონგი; სინგაპური; ახალი ზელანდია; შვეიცარია, ავსტრალია და ირლანდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი