ახალი ამბები

ზურა კიწმარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეროსი კიწმარიშვილს მისთვის საჩუქრად იარაღი ეყიდა

17 ივლისი, 2014 • • 1498
ზურა კიწმარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეროსი კიწმარიშვილს მისთვის საჩუქრად იარაღი ეყიდა

“მთლად ულოგიკო არ არის ეგ საკითხი. დაბადების დღეზე საჩუქრის გაკეთება, მე მგონი, ლოგიკურია, რაც შეეხება იარაღს, მე გარკვეული პერიოდის წინ აქტიურად ვიყავი ნადირობით დაკავებული, მაქვს თოფები და მაკაროვიც მაქვს გაფორმებული, არ გამოვრიცხავ მაგას, მაგრამ შესაძლოა ეს [იარაღის ყიდვა]… რაღაცის მოლოდინი ჰქონოდა, სიფრთხილის მიზნითაც იყო გაკეთებული და ამით გააკეთა ახსნა, მოკლედ, არც იმას გამოვრიცხავ და არც ამას. ლოგიკას მოკლებული არ არის ეს საჩუქრის მომენტი”, – ასე უპასუხა ზურა კიწმარიშვილმა ნეტგაზეთის შეკითხვას, არის თუ არა გამორიცხული, რომ ეროსი კიწმარიშვილს მისთვის იარაღი ეჩუქებინა.


ნეტგაზეთის კითხვას, რას გულისხმობს იგი, როდესაც ეროსი კიწმარიშვილის მხრიდან სიფრთხილის გამოჩენის საკითხზე საუბრობს, კიწმარიშვილმა ასე უპასუხა:


“არ მინდა რამე ვთქვა ხელშესახების [მტკიცებულებების] გარეშე. ვარაუდს გამოვთქვამ იმიტომ, რომ ასეთი ფაქტის შემდეგ ყველა ვარიანტი… თუ მას იმის ფიქრის საფუძველი ჰქონოდა, რომ მასზე რაიმე თავდასხმა უნდა ყოფილიყო, ან აგრესია, მაშინ ის იარაღის შეძენას გადაწყვეტდა, რადგან დაცვის აყვანა და მსგავსი მოქმედებები არ ახასიათებდა და არც უნდოდა. თუმცა ჩემთვის არ უთქვამს, რომ რაღაც საფრთხეს გრძნობდა”.


მისივე თქმით, ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კვლავ არ იზიარებს.


ზურა კიწმარიშვილი/ფოტო მისი ფეისბუკ-გვერდიდან
ზურა კიწმარიშვილი/ფოტო მისი ფეისბუკ-გვერდიდან

 

პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც, სავარაუდოდ, გასროლა განხორციელდა, 15 ივლისს გაიფორმა საკუთარ სახელზე. კიწმარიშვილის მეგობარი ბადრი ნანეტაშვილიც ნეტგაზეთთან საუბარში ამ იარაღის შესყიდვის ისტორიას ყვება:

 

ნანეტაშვილის თქმით, 14 ივლისს იგი კიწმარიშვილთან ერთად საბურთალოზე მდებარე იარაღის მაღაზია “დიანაში” იარაღის შესარჩევად იმყოფებოდა. მისი განმარტებით, ეროსი კიწმარიშვილს ერთი გაუფორმებელი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, რომლისთვისაც ვაზნების შეძენას აპირებდა, ასევე სურდა, რომ ეს იარაღი ძმისთვის გადაეფორმებინა და ეჩუქებინა. ნანეტაშვილის თქმით, ეს იარაღი, რომლის ვაზნებიც კიწმარიშვილს არ ჰქონია, დიდი ხნის წინ აჩუქეს:

 

“თვითონ ამბობდა ამას, რომ [ვალერი]ხაბურძანიამ თუ ვიღაცამ მაჩუქა დიდი ხნის წინო”.

 

ამის შემდეგ კიწმარიშვილს იარაღის მაღაზიაში აუხსნეს, რომ ძველი იარაღის გაფორმებას დიდი ხანი დასჭირდებოდა, რადგან მას ექსპერტიზა და სხვა პროცედურები უნდა გაევლო, რის შემდეგაც მან ახალი იარაღის ყიდვა გადაწყვიტა. შეარჩია CZ-ს ტიპის პისტოლეტი, რომლის ღირებულებაც 1750 ლარს შეადგენდა – მაღაზიიდან აიღეს საბუთი და გასაფორმებლად პოლიციაში წავიდნენ.

 

“მაღაზიიიდან წავედით ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც იარაღის რეგისტრაცია ხდება, საბუთის გაფორმებისთვის. პოლიცაში რომ მივედით, ზუსტად 17:35 საათი იყო. პოლიციაში გვითხრეს, რომ 17:30 საათამდეა მუშაობა და უკვე 5 წუთია, რაც დასრულადო”, – ამბობს ნანეტაშვილი და დასძენს, რომ კიწმარიშვილმა იარაღის რეგისტრაცია მეორე დღისთვის, ანუ 15 ივლისისთვის გადადო. ამასთან, მან იარაღის მაღაზიას 100 ლარი დაუტოვა ბეს სახით, რათა მის მიერ შერჩეული იარაღი არ გაეყიდათ. ნანეტაშვილის თქმით, როგორც ჩანს, კიწმარიშვილი 15 ივლისს ირაღის რეგისტრაციაზე უკვე მარტო მივიდა. ტელეკომპანია თრიალეთის დამფუძნებელი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბადრი ნანეტაშვილი აცხადებს, რომ მან დაახლოებით 14:00 საათზე კიწმარიშილს დაურეკა და ჰკითხა, რამდენად ადვილად გაიარა რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურები, რადგან იარაღის შეძენას თვითონაც აპირებდა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ “ძალიან მარტივად, დაახლოებით ერთ საათში მოგვარდა ყველაფერი.” ნანეტაშვილის თქმით, მათ განუმარტეს, რომ როდესაც ადამიანს მართვის მოწმობა აქვს, იარაღის რეგისტრაციისთვის ჯანმართელობის ცნობას და სხვა დეტალებს აღარ სთხოვენ, რაც პროცედურებს ბევრად ამარტივებს. იგი იხსენებს, რომ კიწმარიშვილი 14 ივლისს მას იარაღის ტირში გამოცდასაც სთავაზობდა, რომელიც მაღაზია “დიანაში” მდებარეობს.

 

კითხვას, რატომ არ თქვა მან კიწმარიშვილის ცხედრის აღმოჩენისთანავე, თუ იცოდა, რომ ამ უკანასკნელს იარაღი ახალი ნაყიდი ჰქონდა, ნანეტაშვილი პასუხობს, რომ მისთვის ეს კითხვა ჟურნალისტებს არ დაუსვამთ და როდესაც დაუსვეს, მაშინ ილაპარაკა ამ საკითხზე – 15 ივლისის გადაცემა “არჩევანში” (რუსთავი 2) ჩართვისას. ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ დაარეგისტრია შეძენილი იარაღი კიწმარიშვილმა საკუთარ სახელზე, თუ ძმისთვის ჩუქებას აპირებდა, ბადრი ნანეტაშვილს პასუხი არ აქვს და ამბობს, რომ კიწმარიშვილმა ეს საკითხი უცებ გადაწყვიტა. იგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ყიდვის შემდეგ აპირებდა CZ-ს ზურა კიწმარიშვილისთვის გადაფორმებას, რომელსაც დაბადების დღე 4 ივლისს ჰქონდა: “თვითონ ძმაც ამბობს, რომ ხშირად ერთი თვის შემდეგ მოჰქონდა ხოლმე საჩუქარიო”.

 

რაში სჭირდებოდა ეროსი კიწმარიშვილს ახალი იარაღის შეძენა თვითმკვლელობისთვის, თუ მას უკვე ჰქონდა ძველი პისტოლეტი, როგორც ამას ნანეტაშვილი ამბობს, ოღონდ ვაზნების გარეშე? – ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, რომელიც სწორედ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობდა და რომელსაც პროკურატურა აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი