ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის

ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group წლის ბოლომდე საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის, წენგ ცინჰონგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ, კომპანია ქვეყანაში არსებულ გარემოს შეისწავლის, რის შემდეგაც ინვესტიციის განხორციელებისა და ობიექტების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი Guangzhou Automobile Group-ის თავმჯდომარეს შეხვედრისას იმ საინვესტიციო კლიმატზე ესაუბრა, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, ასევე, გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საგადასაახადო შეღავათებით ისარგებლებენ კომპანიები, რომლებიც თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობებს საქართველოში გახსნიან.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა კომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი.