არაოფიციალური საათანახევრიანი შეხვედრა ალიევსა და ფაშინიანს შორის

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკით გაავრცელა.

“დავოსში გაიმართა შეხვედრა ილჰამ ალიევთან. გავცვალეთ აზრები დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა პროცესსა და შემდგომ განხილვებზე. შეხვედრა დაახლოებით 1,5 საათს გაგრძელდა”, – წერს ფაშინიანი.

კონკრეტულად რის შესახებ ისაუბრეს ფაშინიანმა და ალიევმა, ამ ეტაპზე არცერთ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც შეხვდნენ და “კონკრეტული სამშვიდობო ღონისძიებების რეალიზაციის საჭიროებაზე შეთანხმდნენ”.