უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე საჩივარი დაუშვებლად ცნო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით “მწვანე ალტერნატივის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რითაც უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.

“მწვანე ალტირნატივის” განცხადებით, თითქმის 5-წლიანი სასამართლო დავის შედეგად, ძალაში დარჩა თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ასევე არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა.

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ აქტივისტები, სხვადასხვა გარემოსდაცვითი მოძრაობები და ორგანიზაციები. პარტიზანული მებაღეობის წევრები პერმანენტულ აქციებსაც მართავდნენ ვაკის პარკში. სადაც გაშლილი ჰქონდათ კარვები. მათ გარკვეული დროით მიმდებარე ტერიტორიაც გადაკეტეს, რათა ინვესტორს მშენებლობა არ გაეგრძელებინა.