2018 წლის განმავლობაში ჩატარებულ პლენარულ სხდომებზე პარლამენტარების ზუსტად 20%, ანუ მეხუთედი — 30 პარლამენტარი — სიტყვით საერთოდ არ გამოსულა.
მათ გარდა, 5 ან 5-ზე ნაკლები გამოსვლა კიდევ 34 პარლამენტარს აქვს. ჯამში, 64 პარლამენტარს აქვს 0-დან 5-მდე გამოსვლა.
ნეტგაზეთის მიერ პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 7 თებერვლიდან 21 დეკემბრამდე 47 პლენარული სხდომა ჩატარდა.
იმ 30 დეპუტატიდან, ვინც წლის განმავლობაში სიტყვით საერთოდ არ გამოსულა, 25 “ქართული ოცნების” წევრია, 4 — “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, 1 კი — “პატრიოტთა ალიანსის” [მათი სია იხილეთ სტატიის ბოლოს].
ამ 30-დან მხოლოდ თორმეტია პარტიული სიებით პარლამენტში მოხვედრილი; დანარჩენი 18 კი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატია სხვადასხვა რეგიონიდან.
ყველაზე მეტჯერ სიტყვით გამოვიდნენ ეკა ბესელია (“ქართული ოცნება”, 199-ჯერ), რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ანრი ოხანაშვილი (“ქართული ოცნება”, 107-ჯერ) იმავე კომიტეტიდან და ზურაბ ჭიაბერაშვილი (“ევროპული საქარველო”, 97-ჯერ) ჯანდაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებიდან.
ასეთი მაღალი მაჩვენებელი მეტს არავის აქვს — მათ შემდეგ მოდიან სერგო რატიანი (“ევროპული საქართველო) და გიორგი კახიანი (“ქართული ოცნება”) 69-69 გამოსვლით, სხვებს კი უფრო ნაკლები გამოსვლები აქვთ.
პარლამენტართა სიტყვით გამოსვლების რაოდენობების მედიანა არის 9; ე.ი. უხეშად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2018 წელს თითო პარლამენტარი სიტყვით საშუალოდ 9-ჯერ გამოდიოდა.
2018 წლის განმავლობაში, პარლამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტში დარეგისტრირდა 114 კანონპროექტი, რომლის ინიციატორებიც პარლამენტის წევრები იყვნენ.
იმ 30 პარლამენტარიდან, რომელიც შარშან პლენარულ სხდომებზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა, არცერთი არ ყოფილა წლის განმავლობაში პარლამენტში დარეგისტირებული კანონპროქტების ავტორი; მათგან მხოლოდ 8 ფიქსირდება სხვადასხვა კანონპროექტის ინიციატორად.
იმ 8 დეპუტატიდან, ვინც სხვადასხვა კანონის ინიციატორი იყო სხვა პარლამენტარებთან ერთად, 5 დეპუტატი თითო-თითო კანონპროექტის ინიციატორი იყო, ერთი – სამი კანონპროექტის, დანარჩენი ორი კი — 5-5 კანონპროექტის ინიციატორი.
ამ 30 პარლამეტარიდან 12 დეპუტატი სხვადასხვა დროს 31 მივლინებაში იმყოფებოდა. მათთვის სამივლინებოდ გამოყოფილი თანხამ 59 797 ლარი შეადგინა. მათგან ყველაზე მეტ, 10 მივლინებაში, რამაზ ნიკოლაიშვილი იმყოფებოდა. ამ 12 დეპუტატს შორის სწორედ მისი მივლინებებისთვის გამოიყო ყველაზე მეტი თანხა — 19 275 ლარი.
პარლამენტარები, რომლებიც ერთხელაც არ გამოსულან სიტყვით, არიან:
ნახეთ დეპუტატების სრული სია და სიტყვით გამოსვლის რაოდენობები:
ნახეთ ასევე:
2018 წლის სესიების TOP გამცდენი და დამსწრები დეპუტატები პარლამენტში