„რიგის სამიტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში გამართული პირველი უმაღლესი დონის ღონისძიება იქნება, რომელზეც საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებების განხორციელება შეფასდება. მალე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების დროებითი გამოყენება დაიწყება და ჩვენ იმპლემენტაციის ურთულეს პროცესს შევუდგებით. ჩვენი მხრივ მზად ვართ გავაგრძელოთ ფართომასშტაბიანი რეფორმები პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში და წარმოვადგინოთ კონკრეტული შედეგები „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომდევნო სამიტზე”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ 11 ივლისს ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ‘საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას.
მაია ფანჯიკიძის თქმით, სავიზო ლიბერალიზაციის ხელშეწყობა რიგის სამიტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. საქართველოს მთავრობამ კი მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ამ მიმართულებით:
„იმედი გვაქვს, რიგის სამიტზე სათანადოდ შეფასდება ამ პროცესში ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევა და მიიღება გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მობილურობის კუთხით მიღწეული პროგრესი, ვინაიდან მას მყისიერი და ხელშესახები სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის და ამავე დროს ხელს უწყობს ადამიანთა შორის კონტაქტების გაღრმავებას”.
ბათუმში მე-11 საერთაშორისო კონფერენცია ‘საქართველოს ევროპული გზა’ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ იყო ორგანიზებული.
