ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ეს პაკეტი საქართველო–ნატოს ურთიერთობაში წინ გადადგმული ნაბიჯია:

 

„ბატონ აპატურაისთან ერთად  ძალიან დეტალურად შემოთავაზებების ის პაკეტი განვიხილეთ, რომელზეც ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ სამიტზე განსახილველადაა საუბარი. როგორც წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს პაკეტი  რამდენიმე ელემენტს შეიცავს. პირველი – საქართველო იქნება უფრო დაცული ამ სამიტის შემდეგ და ამ შემოთავაზებებით, უფრო უსაფრთხო და, რაც მთავარია, იქნება  წინ გადადგმული ნაბიჯი ნატოს წევრობისკენ. უკვე ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ  საქართველო ნატოს წევრი უახლოეს პერიოდში გახდეს. აქედან გამომდინარე, ამ დისკუსიებს, დისკუსიებს სხვა სახელმწიფო  მოხელეებთან ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში ნატოში მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება“ – აცხადებს ირაკლი ალასანია.   

 

ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ეს პაკეტი საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებს:

 

“შევთანხმდით, რომ ეს პაკეტი იქნება ძალიან საფუძვლიანი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას და ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. ამ საკითხების განხილვა ბრიუსელშიც მოხდება, თუმცა ძალიან კარგი დასაწყისია და თავდაცვის მინისტრმა მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია ამ მიმართულებით. ეს კარგი საფუძველია წარმატებული სამიტისთვის”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

 

შეხვედრას თავდაცვის მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს. დაგეგმილია ასევე შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ალექსი პეტრიაშვილთან და საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

 

ჯეიმს აპატურაი და ირაკლი ალასანია

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *