დავით უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე ძირითადად ევროკავშირსა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს:


“დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრი, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდგომ გასაწევი სამუშაოების თაობაზე. შევთანხმდით იმაზე, რომ დარგობრივი კომიტეტების დონეზე იქნება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა, რათა საქართველოს პარლამენტმა სწრაფად და ხარისხიანად მოახერხოს იმ სტანდარტების დანერგვა ქართულ კანონმდებლობაში, რასაც ევროკავშირთან ასოცირება გვავალდებულებს. ცხადია, შევეხეთ უსაფრთხოების საკითხებს და კიდევ ერთხელ შევთანხმდით იმაზე, რომ პოლონეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ინტეგრაციას ნატოში. დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის სენატის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს და საქართველო და პოლონეთი კიდევ უფრო ხელჩაკიდებულნი, ერთად გავაგრძელებთ სვლას დემოკრატიისკენ და განვითარებისკენ.”

 

ბოგდან ბორუსევიჩი კი ამბობს, რომ პოლონური დელეგაციია ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ჩამოვიდა:

 

“ჩვენი ვიზიტი ძალიან მნიშნელოვან პერიოდში მიმდინარეობს. ამ პერიოდში საქართველომ ხელი მოაწერა ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს, ეს გახლავთ ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული ხელშეკრულება. საქართველო მეორე ტურის მოლოდინშია და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და რეალური თვითმმართველობის განვითარებას. საქართველოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროსაც მუშაობდა პოლონეთის სენატის სადამკვირებლო მისია, რომელმაც ძალიან მაღალ დონეზე შეაფასა ჩატარებული არჩევნები. საქართველოს მიერ რეალურად დემოკრატიული თვითმმართველობის რეფორმის განხორციელება, არჩევნები და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მოწმობს იმას, რომ საქართველო რეალურად დაადგა გზას ევროპული მიმართულებით და ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს, ძალიან მოხარულები ვართ ამის გამო.”

დავით უსუფაშვილი და ბოგდან ბორუსევიჩი

 

ბორუსევიჩმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროატლანტიკურ სრუქტურებში ინტეგრაცია გარე ზეწოლების საგანი არ უნდა გახდეს:

 

“საქართველოსა და ნატოს კავშირს რაც შეეხება, ამ თემაზე ნატოშიც მიმდინარეობს კონსულტაციები. პოლონეთს მიაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა გადაიჭრას ნატოსა და საქართველოს მოლაპარაკებების გზით და არ უნდა იყოს არანაირი გარე ზეწოლების საგანი ეს მოლაპარაკება. იგივე პოზიციაზე დგას პოლონეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. არანაირი გარე ზეწოლა არ უნდა იყოს. ასევე მოხარულები ვართ, რომ საქართველო აგრძელებს რუსეთთან დიალოგს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ქვეყნებს შორის ფუნდამეტური საკითხები არ არის დახურული, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაინც კარგია, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც უკრაინის მთლიანობა,ს და არანაირად არ ეთანხმება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია ბარამიძე, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს:

 

“მთავარი საკითხი არის საქართველოს ოკუპაციის ფონზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარების საკითხი. ჩვენ ვხედავთ, რომ ვითარება საკმაოდ მწვავეა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს ყველა აღმოსავლეთევროპულ ქვეყანას თავის გზაზე იაროს. ამ გზაზე სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ ამან არ უნდა შეაფერხოს საქართველოს ინტეგრაცია. ჩვენი შეშფოთების მიზეზი არის ისიც, რომ არა მარტო რუსეთი უშლის ხელს საქართველოს ამ გზაზე, არამედ თვითონ საქართველოს უპასუხისმგებლობამაც შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემები შექმნას, როგორიცაა მეორე ტურის წინ მთავარი ოპოზიციური პარტიის შტაბის ხელმძღვანელის დაკავება.”

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *