სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, წვევამდელმა, რომელიც მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსახურობდა, ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა 29 დეკემბერს, საღამოს მოხდა.
უწყების ცნობით, ამ დროს(18:03) ის სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობდა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“იგი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამეციდინო დახმარება გაეწია. ამჟამად [მისი] ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, დაჭრილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გაიწვიეს, მე-17 დაწესებულებაში კი 23 ოქტომბრიდან მსახურობს.
“მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ [წვევამდელმა] თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა”, – აღნიშნავს უწყება.