თუ საახალწლო სამზადისი გაღიზიანებთ და საერთო-სახალხო ზეიმის მიზეზს ვერ ხედავთ, თან არც იმის გჯერათ, რომ საბოლოოდ თქვენც გრინჩივით დაასრულებთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის. ან იქნებ თქვენი მეგობრისთვის, რომელიც ყოველ წელს ახალ-ახალ მიზეზს იგონებს, 31 დეკემბერს ღამით თავი რომ აარიდოს 10-დან უკუთვლას.
ნეტგაზეთი გთავაზობთ 15 აქტივობას, რომლითაც შეგიძლიათ დღესასწაულებზე დაკავდეთ იმის მიუხედავად, რომ ახალი წლის დადგომა საერთოდ არ გეზეიმებათ.
საახალწლო ღონისძიებების უმეტესობა ყოველ წელს დედაქალაქში იყრის ხოლმე თავს. თუ საახალწლო აგონია გაღიზიანებთ და მისგან თავის დაღწევა გსურთ, სამოგზაუროდ წასვლაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს?!
ამას თავის პლუსებიც აქვს: საზაფხულო კურორტებზე დასვენების ფასები ზამთარში ყოველთვის საგრძნობლად იკლებს. ამასთან, დიდი ალბათობით, ასეთ ადგილებში მთელი საახალწლო სამზადისი ცენტრში დადგმული ერთი ნაძვის ხით შემოიფარგლება, რომელსაც გვერდს მარტივად აუვლით.
ახალი წელი თუ არ გიყვართ, მის მიერ მონიჭებული პრივილეგიებით სარგებლობა ხომ მაინც შეგიძლიათ? მთელი წლის განმავლობაში მუშაობისა და დამღლელი სასწავლო პროცესის შემდეგ, როგორც იქნა, თავისუფალი დრო გაქვთ, რომელიც სურვილისამებრ შეგიძლიათ ძილში გაატაროთ.
ახალი წლის ღამე მართლაც რომ ჯადოსნურია. ამ დღეს თავისუფლად შეგიძლიათ, ტელეფონი ფრენის რეჟიმზე დატოვოთ და ნაწყენიც არავინ დარჩება, რომ მათ ზარებს არ უპასუხეთ – ამ დროს ხომ ხაზები იტვირთება.
დღესასწაულები ის პერიოდია, როცა მაღაზიების უმეტესობა მომხმარებლებს ფასდაკლებებს სთავაზობს. მაღაზიის დახლთან არავინ გკითხავთ, ახალი წელი გიყვართ თუ არა – შეგიძლიათ, ფასდაკლებებით თავისუფლად ისარგებლოთ. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ სავაჭრო ცენტრების უმეტესობა მორთულ-მოკაზმული დაგხვდებათ. გამაყრუებელ საახალწლო სიმღერებს რომ თავი დააღწიოთ და, თქვენდა უნებურად, მთელი კვირა საახალწლო ჰიტები არ იღიღინოთ, სავაჭრო ცენტრში საკუთარი ფლეილისტით და ყურსასმენებით მიდით, ან თან ყურის საცობები იქონიეთ.
ზაფხულში სერიალის ყურება რომ დაიწყეთ და მერე მოუცლელობის გამო მიატოვეთ, მის სანახავად ამაზე უკეთეს დროს როდის იპოვით?
მოდით, ვაღიაროთ, რომ წიგნის ფესტივალებზე შეძენილი წიგნების ნახევარი ან იქნებ ნახევარზე მეტი ამ დრომდე არც კი გადაგვიშლია. წიგნის საახალწლო ბაზრობაც ახლახან დასრულდა და შეგიძლიათ შვებულება და არდადეგები პროდუქტიულად გამოიყენოთ.
როგორც წესი, საზაფხულოდ ფორმაში ჩადგომას ადამიანები დღესასწაულების შემდეგ იწყებენ ხოლმე. ახალი წლის პერიოდში კი სპორტდარბაზი, ფაქტობრივად, ცარიელი დაგხვდებათ. დაიწყეთ ვარჯიში, სანამ თქვენი მეგობრები ჯერ კიდევ საცივს შეექცევიან და ხელს გოზინაყისკენ აპარებენ.
საახალწლო აგონიას რა მოგწყვეტთ ვიდეოთამაშებზე უკეთ?
თუ გაინტერესებთ, როგორი იქნებოდა პოსტაპოლაკიფსური სამყარო, პირველ იანვარს, დილას რუსთაველის გამზირზე გაისეირნეთ.
ახალი წლის დღეები ის პერიოდია, როცა ყველას სცალია. მოინახულეთ მეგობრები, რომლებსაც სამსახურისა და უნივერსიტეტის გამო არასოდეს სცალიათ.
როგორც წესი, კლუბებში საახალწლო განწყობა მაინცდამაინც არ იგრძნობა. ამიტომ, შეგიძლიათ, თვენს მოცლილ მეგობრებთან ერთად კლუბში წახვიდეთ ან თქვენს საყვარელ ბარს ეწვიოთ. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, სანდო ადგილი შეარჩიოთ, სადაც საახალწლო თემატიკას თავს არ მოგახვევენ.
სათაურის წაკითხვისთანავე ეს გაიფიქრეთ, არა? იქნებ დროა, ბებიას ესტუმროთ, ან ნათესავებს, რომლებიც კულინარიული შესაძებლობებით გამოირჩევიან. ახალი წელის პერიოდში მშიერს არავინ დაგტოვებთ.
მოდი, აქვე შევთანხმდეთ, რომ გვიყვარს თუ არა ახალი წელი, საახალწლო კურიოზები მთელი ამ დღესასწაულის საუკეთესო ნაწილია.
მედიასაშუალებები მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ კადრებს, სადაც ადამიანები, რომლებიც მთელი წელი ცდილობენ სერიოზული გამოჩნდნენ, სახალისო სიტუაციებში არიან გამოჭერილი.
თუ უკვე ყველას არ მოაბეზრეთ თავი წუწუნით, როგორ გეზიზღებათ ახალი წელი, ჯერ კიდევ იქნება დარჩენილი რამდენიმე ადამიანი, რომელიც ღრმადაა დარწმუნებული, რომ ეს თქვენი საყვარელი დღეა. შეიძლება, მილოცვა ლექსადაც კი მიიღოთ – ეს კი მეგობრების სიის გამოსახშირად შესანიშნავი შესაძლებლობაა.
შეგიძლიათ მეგობრებსაც გაუზიაროთ.