კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს, არ დაამტკიცოს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატები

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოუწოდებს პარლამენტს, უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა სიაზე.

თავის განცხადებაში 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა იმ  საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესსა და კრიტერიუმებს.

კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს 24 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ყოველგვარი პროცედურის გარეშე და ისეთი კანდიდატების ნომინირების გამო, რომელთა უმეტესობა უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან ასოცირდება საზოგადოებაში.

აშკარაა, რომ დასახელებული კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევა გამოიწვევს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გაძლიერებას და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევას,” – წერია კოალიციის განცხადებაში.

მათივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დეპოლიტიზებას და მის პროფესიულ, დამსახურების პრინციპზე დაფუძნებულ პროცესად გარდაქმნას.

განცხადებაში წერია, რომ  კონსტიტუციის ეს განზრახვა არ იქნა ასახული ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში და ამ დროისთვის არ არის დადგენილი მკაფიო პროცედურა ან კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საბჭომ უნდა მოახდინოს კანდიდატების ნომინირება.

კოალიცია განმარტავს, რომ ასეთ ვითარებაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას და დახურულ კარს მიღმა რამდენიმე მოსამართლის მიერ მომზადებული კანდიდატთა სია წარუდგინა პარლამენტს.

არასამთავრობოების განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების ნომინირებისას არ იყო დაცული კონსტიტუციის მიზნები და მინიმალური პროცედურული სტანდარტებიც კი. კერძოდ:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას უზენაეს უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა სიაზე.

ამასთანავე, დაუყონებლივ  დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესსა და კრიტერიუმებს.
კოალიცია განცხადებაში განმარტავს, რომ შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ და ხელახლა უნდა მოხდეს, კანონით დადგენილი წესით, კანდიდატურების ნომინირება.

ასევე, კოალიცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, უმოკლეს ვადებში გამართონ შეხვედრა კოალიციის წევრ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან, სადაც განიხილავენ კოალიციის წინადადებებს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხებთან დაკავშირებით, განისაზღვრება კონკრეტული სამუშაო განრიგი.

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მის მმართველ საბჭოში კი შედიან: საია; TI; EMC; IDFI; საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი; კონსტიტუციის 42 მუხლი; ISFED; GDI.

ვრცლად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მოსამართლეთა დამტკიცების პროცესის შეჩერებისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ომბუდსმენმა და მიზეზად პროცესის გაუმჭვირვალობა დაასახელა. საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან საბჭოს არამოსამართლე წევრები. ბრალდებებს არ იზიარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მიიჩნევს, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობაზე წარდგენილი პირები უნდა დაამტკიცოს.