ნეტგაზეთის შეკითხვას, იმოქმედებს თუ არა ნაცმოძრაობის საარჩევნოს შტაბის უფროსის დაკავება არჩევნების მეორე ტურის ნეგატიურ შეფასებაზე და იყო თუ არა საჭირო ოპოზიციური ლიდერის დაკავება, ბერძენიშვილმა ასე უპასუხა:
“მე ვერ გეტყვით, რა იყო საჭირო და რა არა, რადგან საქმის გარემოებები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ბატონი გიგი უგულავა ამ დღეებში ქვეყნიდან გასვლას ძალიან გამალებით ცდილობდა. მე იურისტი არ ვარ და საქმეში ჩახედულებიც არ ვართ, მაგრამ არის ცნობა, რომ იგი აპირებდა ქვეყნის დატოვებას. თუ ვინმე მეტყვის, რომ უგულავა მაგას არ იკადრებდა, მართალი გითხრათ, ეს სერიოზული არ არის… მე ვფიქრობ, რომ ბატონი გიგი უგულავა აპირებდა ქვეყნის დატოვებას და იქიდან შემოთვლას, რომ არ აპირებს ჩაბარდეს ხელისუფლებას. მაგრამ ეს არის ჩემი აზრი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მის მიმართ კანონის სრულად უნდა იყოს დაცული. ამიტომ მხოლოდ სასამართლო დაადგენს, ეს დაკავება შევა თუ არა კანონიერ ძალაში. ფაქტია, რომ უგულავა დაბარებული იყო დაკითხვაზე და არ აპირებდა მისვლას, თუ ეს არ მიგაჩნიათ [დაკავების] საფუძვლად, ეგ თქვენი საქმე და პრობლემაა. ჩემი პრობლემა არის ის, რომ არ დაირღვეს მის მიმართ რაიმე უფლება. ჯერჯერობით ყველაფერი სწორად მიმდინარეობს. ადვოკატიც შევიდა. დანარჩენს სასამართლო იტყვის. სასამართლო რომ ჩვენთან აბსოლუტურად დამოუკიდებელია, გუშინაც დამტკიცდა, როცა მას აღკვეთის ღონისძიების სახით არაფერი არ შეუფარდეს”, – აცხადებს ბერძენიშვილი.
რაც შეეხება ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმის დარღვევის საკითხს, ბერძენიშვილი ამბობს:
“იყო მორატორიუმი, არავინ აპირებდა არავის დაპატიმრებას, მაგრამ კაცმა აშკარად აიგდო ქვეყანა და აეროპორტში აპირებდა საქართველოს კანონებისთვის დაცინვას. დაბარებულია დაკითხვაზე და ამბობს, რომ ფეხებზე მკიდია თქვენი დაბარება მე მივდივარ ოფიციალური მივლინებითო. არაოფიციალური პირია, რა მივლინებით უნდა წავიდეს, ვერ გეტყვით”.
კითხვას, რითი ახსნის იმ ფაქტს, რომ უგულავას გასული თვეების განმავლობაშიც აქვს საზღვარი გადაკვეთილი, თუმცა ქვეყნაში ყოველთვის ბრუნდებოდა, ბერძენიშვილი პასუხობს:
“ეგ არ არის არგუმენტი… მაპატიეთ, მაგრამ მასე ნაციონალურმა მოძრაობამ შეიძლება თქვას, რომ ბევრი ადამიანი იძინებს და იღვიძებსო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც ვეღარ იღვიძებს. სისულელეა ეგ არგუმენტი… რახან ბევრჯერ წავიდა და დაბრუნდა, ახლა არასოდეს გაიქცევა?!”.
