ზურაბიშვილი პარლამენტს ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად ვადის გაზრდას სთხოვს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს და სთხოვს, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაზარდოს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გაიზიაროს ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა:

“ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის. მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით”, – აცხადებს პრეზიდენტი.

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები პროკურატურასთან საქმის გაგრძელების მოთხოვნით 14 დეკემბრიდან შიმშილობენ. ცოტნე გამსახურდიას თქმით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს გადის 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას, ფაქტობრივად, ბრალდებული არ ჰყავს, საქმე დაიხურება.