ჟინვალის თემის მე-4, მე-6 და 47-ე საარჩევნო უბნის მიხედვით რევაზ მოძმანაშვილმა შესაბამისად ხმების 50.2% (230 ხმა), 60% (15 ხმა) და 60% (211 ხმა), სულ 456 ხმა მიიღო.
ჟინვალის თემის სამ საარჩევნო უბანზე, რომელთაგან ორი ჟინვალში, ხოლო ერთი სოფელ სონდისველაში (ჟინვალის თემში შემავალ სოფელში) მდებარეობს, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ტარიელ ჩხუტიაშვილმა ხმების 36.6% მიიღო. უფრო ზუსტად, მე-4 უბანზე -46% (211 ხმა), მე-6 უბანზე- 40% (10 ხმა), ხოლო 47-ე უბანზე 35,7% (125 ხმა) მიიღო.
იმის მიუხედავად, რომ განმეორებით ჩატარებულ არჩევნებში დუშეთის სამივე უბანზე რევაზ მოძმანაშვილმა ხმების უმეტესობა მოიპოვა, იგი მაინც დამარცხდა. რადგან ჟინვალის თემში შედის ხუთი საარჩევნო უბანი, რომელთაგან სამის შედეგები გაუქმდა, ხოლო ორ უბანზე, 53-ე და მე-5 უბანზე, შედეგები უცვლელი დარჩა.
მე-5 უბნის მიხედვით, ტარიელ ჩხუტიაშვილმა 11 ხმა, ხოლო რევაზ მოძმანაშვილმა 6 ხმა მიიღო, 53-ე უბანზე ჩხუტიაშვილმა – 72, ხოლო რევაზ მოძმანაშვილმა – 62 ხმა დააგროვა.
საბოლოოდ მოძმანაშვილმა 525 ხმა დააგროვა, ხოლო ჩხუტიაშვილმა- 529 და შესაბამისად 4 ხმის უპირატესობით ის არის გამარჯვებული.
რაც შეეხება დუშეთის 52-ე უბანს, რომელიც დუშეთში, კულტურის სახლში მდებარეობს, აქ უპირატესობა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კობიაშვილმა მოიპოვა 82%-იანი მხარდაჭერით. მეორე ადგილას კი დამოუკიდებელი კანდიდატი ლია როინიშვლი გავიდა 5%-ით.
დუშეთის თემში სულ ხუთი საარჩენო უბანი მოქმედებს: პირველი, მე-2, მე-3, 49-ე და 52-ე, რომელთაგან მხოლოდ 52-ე უბანი გაუქმდა. 4 უბნის მონაცემების მიხედვით, რომლებიც არ გაუქმებულა, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი კობიაშვილი 766 ხმით ლიდერობდა. მეორე ადგილას „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატი მალხაზ დუდაური იყო, რომელსაც 545 ამომრჩევლის მხარდაჭერა აქვს.
52-ე უბანზე ჩატარებული არჩევნების შემდეგ კობიაშვილის შედეგს 94 ხმა მიემატა, ხოლო მალხაზ დუდაურს -2 ხმა, შესაბამისად, გამარჯვება დუშეთის თემში გიორგი კობიაშვილმა მოიპოვა.
დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ველთაურის თქმით, არჩევნებმა დუშეთის საარჩევნო ოლქის ოთხივე უბანზე მშვიდობანად ჩაიარა, დარღვევების გარეშე.
ამომრჩევლის აქტივობა დუშეთის ოლქში განმეორებით ჩატარებულ არჩევნებში, 29.6% არის. ყველაზე დაბალი აქტივობა დუშეთის ოლქის 52-ე უბანზე 9.2% დაფიქსირდა. ხოლო ყველაზე მაღალი 47-ე უბანზე 43.7% დაფიქსირდა. მე-6 უბანზე ამომრჩევლის 23% მივიდა ხმის მისაცემად, ხოლო მე-4 უბანზე 41% დაფიქსირდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. თუმცა დუშეთის ოლქის 4 უბანში არჩევნები საარჩევნო საუბნო შემჯამებელ ოქმებში არსებული დარღვევების გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა. განმეორებითი არჩევნები, დუშეთის გარდა, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთის, ხონის, თეთრიწყაროს, ტყიბულის, ზუგდიდის ოლქების კიდევ ათ საარჩევნო უბანში დღეს ჩატარდა.
