ვიდეომასალის მიხედვით ირკვევა, რომ დაკავებულ პირებთან შეხვედრის საშუალება პოლიციის განყოფილებასთან მყოფ ადვოკატს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სამართალდამცავებმა არ მისცეს. მასალის გავრცელებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ პოლიციას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ადვოკატი დაკავებულებთან შეხვედრას ითხოვდა, მას შემდეგ, რაც ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ადვოკატის არაერთი მცდელობა ჩანს, აუხსნას პოლიციელებს, რომ კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობის საშუალება მისცენ. “ნეტგაზეთი’ კვლავ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებისთვის, თუმცა შსს-ში კომენტარზე უარი განაცხადეს:
“მე კომენტარი უკვე გავაკეთე ამ თემაზე და დამატებით ვერაფერს ვერ მოგახსენებთ”.
გვიან ღამით დაკავებული პირები დღეს დილით გაათავისუფლეს. სასამართლო სხდომა დღესვე უნდა გამართულიყო, თუმცა იგი ხვალ, 14:00 საათისთვის გადაიდო. როგორც ‘ნეტგაზეთს” დაკავებულთა ინტერესების დამცველმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ განუცხადა, მოსამართლის თანაშემწეს პროცესის გადადების მიზეზი არ განუმარტავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ სამ პირს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ედავება.
“მივიდა მათთან პოლიცია, ისე, რომ არ განუმარტავს, რის საფუძველზე აკავებდნენ, თავიდან უთხრეს, რომ თითქოს იარაღს ეძებდნენ. აღმოჩნდა, რომ იარაღი არ აქვთ.სამართალდამცველების ოქმში ასე წერია, რომ თითქოს მათ ჰქონდათ ეჭვი, რომ ეს პირები იყვნენ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებების ქვეშ, რაც ასევე არ დადასტურდა ნარკოლოგიური შემოწმების დროს. მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ, რატომ ცდილობდა პოლიცია მათ დაკავებას. ეს, რა თქმა უნდა, არ წარმოადგნეს წინააღმდეგობის გაწევას’.- აცხადებს ადვოკატი.
ტელეკომანია “ტაბულა” კიდევ რამდენიმე პრეტენზიას აყენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით, მათ შორისაა ერთ-ერთი დაკავებულ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა. როგორც ადვოკატი აცხადებს, ერთ-ერთ მათგანს ნამდვილად აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვალი თვალზე და ამის თაობაზე დაცვის მხარე ხვალ სასამართლოზე განაცხადებს. ადვოკატის თქმით, შეეცდებიან ექსპერტიზის ჩატარებასაც.
“ნებისმიერ დაკავებულს აქვს უფლება მისი ინტერესები დაიცვან და ჰყავდეს ადვოკატი. თუ ეს შესაძლებლობა არ მიეცათ დაკავებულ პირებს ეს, რა თქმა უნდა, დარღვევაა, ჩვენ აპელირებას გავაკეთებთ იმაზეც, რომ მათ არ გააცნეს უფლებები და არ მისცეს შესაძლებლობა დაკავების მომენტიდანვე ესარგებლათ ადვოკატის დახმარებით, ისე შედგა დაკავების ოქმი. მაგალითად, ისე მოხდა მათი გადაყვანა შემოწმებაზე, რომ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა ადვოკატს გასაუბრებოდნენ”.
მისივე თქმით, შესაძლოა თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს იმ დარღვევების გამო, რაც გასული ღამის განმავლობაში მოხდა:
“ჯერ ჩვენ სასამართლო ეტაპი გვაქვს გასავლელი. სასამართლომ უნდა დაადგინოს. რეალურად ჰქონდა თუ არა იმ დარღვევას ადგილი, რასაც ამ ადამიანებს ედავებიან, წინააღმდეგობის გაწევას და დაუმორჩილებლობას. როგორც ჩემთვის ცნობილია. “ტაბულას” უკვე აქვს მიმართული გენერალური ინსპექციისთვის, რომ პოლიციელები, რომლებიც მათ აკავებდნენ. არ იქცეოდნენ ისე, როგორც პოლიციელები უნდა იქცეოდნენ. ასევე არსებობს ეჭვი, რომ ისინი იყვნენ ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ”.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ყველა ბრალდებას, რომელიც ტელეკომაპნიას უწყების მიმართ აქვს.
სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2000 ლარის ოდენობის ჯარიმას, ან ადმინისტრაციული წესით პატიმრობას 15 დღის ვადით ითვალისწინებს.
