აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ხოლო ევროკავშირი წარმოადგენს დემოკრატიის, თავისუფლების, სამართლიანობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების საერთო სივრცეს.

 

“ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით საქართველო შედის განვითარების ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს ძირეული რეფორმების გატარებას სხვადასხვა სფეროებში, ახალ გამოწვევებსა და ვალდებულებებს. შეთანხმების დებულებების შესრულება შექმნის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა იგრძნონ მეტი პასუხისმგებლობა და გაერთიანდნენ საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე”, – წერია განცხადებაში. 

 

ასოცირების შესახებ შეთანხმების სათანადოდ გამოყენება ქვეყანას დაეხმარება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სამეცნერო დარგების განვითარებაში: მოიზიდავს ინვესტიციებს, გააღრმავებს თანამშრომლობას უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და სხვა მრავალ სფეროში, აცხადებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმი. 

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნასაც ითვალისიწნებს, ხელმოწერილია. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში გაიმართა. საქართველოს მხრიდან მას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს მთავარ მომლაპარაკებელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თამარ ბერუჩაშვილსა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის”, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს საკითხების დირექტორს გუნარ ვიგანდს შორის გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს „ასოცირების დღის წესრიგის”დოკუმენტის მიღება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *