საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები 1991-92 წლებში დაიწყო, მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. 1992 წლიდან საქართველომ დაიწყო ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა – TACIS, რომლის მიზანი იყო ახლად დამოუკიდებელი ქვეყნების საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და დემოკრატიის განმტკიცების პროცესის ხელშეწყობა. 1993 წლიდან საქართველოში ევროკავშირის ეკონომიკური დახმარების სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: საფინანსო დახმარება, ჰუმანიტარული დახმარება (ძირითადად სასურსათო დახმარების სახით) და ტექნიკური დახმარება. 

1992-2004 წლებში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარების ჯამური ოდენობა/წყარო: ლიბერალური აკადემია თბილისი

1995 წლიდან საქართველო სარგებლობს ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (GSP).

1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (PCA). პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (PCA) ფარგლებში, შექმნილია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტიტუტები, რომელთა მიზანია PCA-ს განხორციელების ხელშეწყობა და ორმხრივი ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება. ეს ინსტიტუტებია: საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოსაქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტისაქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტები. აღნიშნული სხდომები იმართება წელიწადში ერთხელ, ასევე, მინიმუმ წელიწადში ერთხელ იმართება შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) „ტროიკას” ფორმატით.

1997 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, საქართველომ დაიწყო ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში დამტკიცდა ეროვნული პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებს. ევროკავშირმა ტექნიკური დახმარების ფარგლებში არსებული პროექტის – ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკთხების ქართულ–ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) მეშვეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში.

2003 წლის 7 ივლისს, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. (EU Special Representative for the South Caucasus). ეს თანამდებობა 2003 წლიდან 2006 წლამდე ეკავა ჰეიკი ტალვიტის.

2004 წლის 17 თებერვალს საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაპირველი მინისტრი გიორგი ბარამიძე იყო.

 
2004 წელს ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (ESDP) ფარგლებში, საქართველოში განხორციელდა ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია (EUJUST THEMIS).

2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველო ჩაერთო ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში.

2006 წლის 14 ნოემბერს მიღებული იქნა საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხად, 2008 წლის 1 სექტემბერს გაიმართა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა2008 წლის 15 სექტემბრის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM), რომელიც საქართველოში მოვლენილ იქნა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან; 2008 წლის 25 სექტემბრის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი, რომელიც 2011 წლამდე ეკავა პიერ მორელის.

2008 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბრიუსელში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა დონორთა კონფერენცია, რომელზეც საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ 2008-2010 წლებისთვის 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.


2009 წლიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში შეიქმნა თანამშრომლობის ახალი ფორმატი – ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე დიალოგი (HRD). შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში იმართება ყოველწლიურად ექსპერტების დონეზე. 


2009 წელს საქართველო ჩაერთო ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივაში, რომელსაც ფორმალურად საფუძველი 2009 წლის 7 მაისს პრაღის სამიტზე ჩაეყარა. 2011 წლის 29-30 სექტემბერს ქ. ვარშავაში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მეორე სამიტი. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ინიციატივის, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში. „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.

The 1st EU–Eastern Partnership forum. Tbilisi, 22-24 March 2012. Photo by Anna Woźniak.

2009 წლის 30 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა ,,პარტნიორობა მობილურობისათვის” ერთობლივ დეკლარაციას ხოლო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის 16 თებერვალს.


2010 წლის 17 ივნისს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ” შეთანხმებას.

2010 წლის 22 ნოემბერს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ” შეთანხმებას. ორივე შეთანხმება ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს.

2010 წლის 15 ივლისს დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის„ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე”, (AA) რომლის ნაწილიცაა “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც” (DC FTA).

2010 წლის 2 დეკემბერს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „საქართველოს და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ” შეთანხმებას.

2011 წლის 3 მაისს ქ. ბრიუსელში გაიმართა საგანგებო სხდომა, რომელზეც ოფიციალურად დაფუძნდა „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა”.

2011 წლის 14 ივლისს ხელი მოეწერა და 2012 წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებას სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ.

2011 წლის 25 აგვისტოს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით გაერთიანდა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობები. ამ პოზიციაზე დაინიშნა ფილიპ ლეფორი.

2012 წლის 28 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე (DC FTA).

2012 წლის 4 ივნისს გაიხსნა საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ.

2013 წლის ივლისში ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების (AA), მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) თაობაზე.შეთანხმების პარაფირება 2013 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე შედგა. 




საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ევროგაერთიანებაში საქართველოს პირდაპირ გაწევრიანებას არ ითვალისწინებს, თუმცა, როგორც ევროპელი, ასევე ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ასოცირების ხელშეკრულება თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების დასასრული არ არის. მაგალითად, ალბანეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 2006 წელს გააფორმა, ხოლო 2014 წლის ივნისში ევროგაერთიანებაში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *