ექიმთა უფლებების დაცვის საკითხი დღეს, 25 ივნისს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში დავით სერგეენკოს მედპერსონალთან შეხვედრის დროს ექიმმა დასვა. 

 

კლინიკის წარმომადგენლის თქმით, “ზოგჯერ პაციენტის უფლებების დაცვა ექიმთა უფლებების ხარჯზე ხდება.”

 

“პირადად ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი და მტკივნეული ეს საკითხი. ბოლო დროს რაც მოხდა, წარმოუდგენელია იყო საერთოდ,”- განუცხადა მინისტრმა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში შეკრებილ ექიმებს, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთი წლისთავთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შეხვდა. 

 

მისივე თქმით, სამინისტროს ეგიდით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ მხრივ საკანონმდებლო რეგულაციებს შეიმუშავებს.

 

“ერთდაერთი დოკუმენტი, რომელიც ასე თუ ისე არეგულირებდა ექიმთა უფლებებს, იყო ექიმთა ეთიკური ქარტია, რომელიც კარგი დოკუმენტია, მაგრამ მისი რეალიზებისთვის საკმარისი ინსტრუმენტები და რეგულაციები არ იყო შექმნილი. ბოლო შემთხვევამ, როდესაც ჩვენს კოლეგას, ძალიან პატივსაცემ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ პაციენტის მშობლები, უკვე დააგროვა კრიტიკული მუხტი. ჩვენ სამინისტროშიც და საექიმო საზოგადოებაშიც მოვიწვიეთ ამ საქმეში ავტორიტეტული ადამიანები და ვფიქრობთ, რომ რეგულაციის და კანონმდებლობის დონეზე ჩამოვაყალიბოთ დოკუმენტი, რომელიც დაიცავს ექიმის უფლებას,”- განუცხადა შეხვედრის შემდეგ სერგეენკომ ნეტგაზეთს.

 

მიმდინარე წლის 25 აპრილს იაშვილის კლინიკაში ერთი წლის ბავშვი გარდაიცვალა, რის გამოც ბავშვის ექიმს გარდაცვლილის ბაბუა თავს დაესხა. 


დავით სერგეენკოს ვიზიტი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში; ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *