“2014 წლის 23 ივნისს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა” ანატოლი ბიბილოვმა სააგენტო იტარ-ტასთან საუბარში განაცხადა, რომ „პარლამენტი” განიხილავს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს წაერთვა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ხოლო რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმების მიერ. საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა მძიმე ვითარების ასახვის შესაძლებლობა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ნებისმიერი „რეფერენდუმი” თუ „არჩევნები”, როგორც ეს 8 ივნისს ჩატარდა, წარმოადგენს უკანონო აქტს, რომელიც ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვას ისახავს მიზნად.

 

ამგვარი რეფერენდუმის ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების ურღვეობის პრინციპებს. „რეფერენდუმს” სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების შესახებ, ასეთის ჩატარების შემთხვევში, არ ექნება არავითარი იურიდიული ძალა და მას კანონიერად არ სცნობს საერთაშორისო საზოგადოება”, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებით ადევნებს თვალს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ, გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების “საპასპორტო მონაცემების გადამოწმების პროცესს”, რომლებმაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით უკანასკნელ წლებში კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით მიიღეს „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი”.

 

“სამინისტრო დაუშვებლად მიიჩნევს აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებების შემდგომ შეზღუდვას და რეგიონის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებიდან მათ იზოლირებას. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებს, რათა თავიდან იქნას აცილებული იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და რეგიონში ახალი პოლიტიკური და ჰუმანიტარული კრიზისის წარმოქმნის შესაძლებლობა.

 

აღიშნული საკითხები განხილულ იქნება ეუთო-ს ყოველწლიური უსაფრთხოების გადახედვის კონფერენციაზე, რომელიც ამჟამად ქ. ვენაში მიმდინარეობს. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი კონფერენციის მონაწილეებს ჩააყენებს საქმის კურსში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ამ თემებს განიხილავს ორმხრივი შეხვედრების ფარგლებშიც. შეხვედრები გაიმართება ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ძანიერისთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრენტ ჰართლისთან, აგრეთვე, ეუთო-სთან ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის დელეგაციების ხელმძღვანელებთან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *