ვიდეო ▶ მარნეულში აბაზოვის გათავისუფლება მისმა მეგობრებმა ფოიერვერკით აღნიშნეს

მარნეულში თემურ აბაზოვის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება მისმა მეგობრებმა ფოიერვერკით აღნიშნეს. ვიდეო სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა, დათო გუსეინოვმა განათავსა.

როგორც დათო გუსეინოვმა ნეტგაზეთს უთხრა, თავად თემურ აბაზოვი ფოიერვერკის გაშვებისას მათთან ერთად არ იმყოფებოდა.


აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.

რადიო მარნეულმა  და სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელეს ცნობა, რომ მარნეულში ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს.

მათ თანახმად, მარნეულელმა კაცმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, ეს კადრები ფეისბუკზე მესამე პირმა ატვირთა, მოგვიანებით კი სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული გინების გამო. გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.

როგორც სათემო რადიო წერს, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც. თუმცა თავად აბაზოვმა უარყო ცნობები და განაცხადა, რომ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა.