“დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ გავიმარჯვებ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ადამიანებთან შეხვედრის გამოცდილება, ადამიანების პრობლემების, კუთხის პრობლემების ცოდნა. ამომრჩევლების აქტივობა ალბათ იგივე იქნება და გავიმარჯვებთ. ძალიან წყნარი და მშვიდი გარემო არ ახასიათებს ხოლმე არჩევნებს, მაგრამ ჩვენს მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული არაფერი ხდება. კონკურენცია არის, მაგრამ შიდა დაპირისპირებები არ ხდება,” – ამბობს რობიზონ გვენეტაძე.
თენგიზ ჭიქაბერიძე აცხადებს, რომ მას მოსახლეობა პირველ ტურშივე ულოცავდა გამარჯვებას, მაგრამ არჩევნები გააყალბეს:
“ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ შეფარულად, ადამიანურ რესურსსაც იყენებენ, ავტომობილები, სოფლის გამგებლები და სხვა. ორი უბანი გაუქმდა იმის გამო, რომ მთლიანად გაყალბებული იყო შედეგები. მთელი ქალაქი გაკვირვებულია, რანაირად დაინიშნა მეორე ტურიო, მეორე ტური კი არა, ისე ქნეს, რომ ჩემზე კარგი შედეგი დაუწერეს. ბევრი რამე გააყალბეს, იყო შიდა კარუსელები, ხმების ჩაყრები.”
მისივე თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ მეორე ტურში იგივე არ განმეორდება:
“მაგრამ ჩვენ უფრო ფრთხილად ვიქნებით, არ მივცემთ გაყალბების საშუალებას, უფრო მეტად ვიმუშავებთ, თითოეულ ხმას დავიცავთ. მე პირველივე ტურში გამარჯვებული ვიყავი, მაგრამ მეორეშიც გავიმარჯვებ.”
ცესკოს მონაცემებით, 15 ივნისის არჩევნების შედეგად რობიზონ გვენეტაძემ ხმების 44,04% მიიღო მიიღო, ხოლო “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცის” კანდიდატმა თენგიზ ჭიქაბერიძემ -33,03%, შესაბამისად, ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი და ბაღდათში გამგებლის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება.
