“უნდა გადმოვფრენილიყავით ბაქოდან. რომ გავდიოდით საბაჟო კონტროლზე, ერთ–ერთმა მებაჟემ გადაწყვიტა, რომ უნდა შევემოწმებინე მე. პირადი ჩხრეკა უნდა მოეწყო, ასე ვთქვათ. მაშინვე ჩავთვალე, სახეზე არ მოვეწონე და რატომღაც გადაწყვიტა-მეთქი. ჩაატარეს პირადი ჩხრეკა, პასპორტი გამომართვეს. ირმა დარჩა ჩემს გამო და მასაც გამოართვეს პასპორტი. დაგვიბრუნეს სადღაც 20 წუთის შემდეგ. 40 წუთი აკლდა გამოფრენას, ამის გამო დაგვაგვიანდა რეისზე. მოგვიხადეს ბოდიში. ძალიან ზრდილობიანად, გაგვაცილეს,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.      

 

მისი თქმით, ის და ირმა ნადირაშვილი ბაქოს აეროპორტიდან ისევ გავიდნენ ქალაქში ყავის დასალევად და ამის შემდეგ შეიტყვეს, რომ თბილისში მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმცია მათი დაკავების შესახებ: 


“გავიგეთ, რომ დაგვაკავეს და აღმოგვაჩნდა ელექტროშოკები და ფული. ბევრი ვიცინეთ და კომენტარები მივეცით რამდენიმე მედიასაშუალებას, რომ სისულელეა და ციხეში არ ვართ. შემდეგ მე და გოგა ხაჩიძემ თბილისში განვახორციელეთ რამდენიმე ზარი და შევქმენით განცდა, რომ მართლა რაღაც მოგვქონდა. ვიცოდით, რომ აქ მოგვიწყობდნენ ჩხრეკას და ამაზე გავერთობოდით. კიდევ ერთხელ დავამტკიცებდით, რომ გვისმენენ. მაგრამ მოხდა გაცილებით უარესი, როცა მივედით აეროპორტში, 21 საათზე უნდა გამოვფრენილიყავით, აეროპორტში იყო წარმოდგენილი მთელი საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში. ნაცვლად იმისა, რომ ეკითხათ, რამე პრობლემა ხომ არ აქვს საქართველოს დეპუტატს, დაკავებულები იყვნენ იმით, რომ მებაჟეებს ეკითხებოდნენ, რამდენი ელექტროშოკი აღმოაჩნდათ ამათო. გარდა ამისა დადიოდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ტელეფონიდან გვიღებდა სურათებს, ეს ალბათ საქართველოს სპეცსამსხურები იყვნენ. ამის შემდეგ 30 წუთი გვჩხრეკდნენ მეც და ირმასაც. სათითაო ყველა წინდა გადმოატრილეს და დაიმხეს თავზე ყველაფერი, რაც კი თან გვქონდა. ბოდიშს მოვუხდი ამ რეისის მგზავრებს, ამაზე არ ყოფილა გათვლა და სადღაც 40 წუთი დააგვიანა ამ რეისმა,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.  

 

ჯაფარიძის განცხადებით, მისი, როგორც დეპუტატის რეპუტაცია შეილახა: 

 

“ეს ხელისუფლება არის ავად, რადგან ვერ ხვდებიან, რომ საკუთარი დეპუტატის რეპუტაციის შელახვა არ არის კარგი საქმე. ამით ზოგადად ქვეყნის რეპუტაცია ილახება. ეს არის, სამწუხაროდ, სერიოზული პრობლემა. არადეკლარირებული თანხა რომ გვქონოდა, გაგვიშვებდნენ ციხეში”.

 

ირმა ნადირაშვილის განცახდებით, ის თავად ცდილობდა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩთან დარეკვას, რომელმაც ტელეფონს არ უპასუხა:

 

“ელჩმა ჩემს ზარებს არ უპასუხა. ჩვენ რომ გვქონოდა ელექტროშოკები, არ დაგვაპატიმრებდნენ აზერბაიჯანში? მე რომ გამომეტანა 1 მილიონი დოლარი, აქ ვინმე გამომიშვებდა? თვიდან ბოლომდე გაგვჩხრიკეს, ეს იმის მერე, რაც საელჩო მიიჭრა იქ და ცდილობდა ჩევნს დისკრედიტაციას. გავიგე, რომ ამითი ერთობა ღარიბაშვილი, მაგრამ მე ვერ დავუკავშირდი დედას, იმიტომ, რომ არ მქონდა ტელეფონი ჩვეულებრივი. მქონდა მხოლოდ ვაიბერი. რომ ჩამოვედი, ტიროდა და მითხრა, რომ ორჯერ გამოიძახა სასწრაფო. არ შეიძლება ადამიანებთან ასე ხუმრობა”.  

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები – ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში საბაჟო ტერმინალის თანამშრომლებმა გააჩერეს და მიმდინარეობდა მოკვლევა, რომელიც თანხის გარკვეული ოდენობის შესაძლო არადეკლარირებას შეეხებოდა.

 

“ისინი დაკავებულები ან პატიმრობაში აყვანილი არ ყოფილან. ჩატარდა შიდა მოკვლევა, რაც გაგრძელდა დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათი, რის შემდეგაც ისინი გაუშვეს. იმიტომ იყვნენ გაჩერებულები, რომ ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა. ჩატარდა მოკვლევა და აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად, გაათავისუფლეს”, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.  

 

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების, ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის ბაქოს აეროპორტში დაკავება არ დაადასტურეს.


ზურა ჯაფარიძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *