“დაწოლა ამომრჩევლებზე რაიონებში იყო გაცილებით დიდი, ჩვენ ვიხილეთ მარნეულის მაგალითი, მე პირადად ვნახე როგორ ვითარებაში მიმდინარეობდა არჩევნები ზუგდიდში. ასევე, სენაკში მოხდა სხვადასხვა საარჩევნო გაყალბების ტექნოლოგიების გამოყენება ე.წ. სომხური კარუსელის სახით. თითქმის ყველა უბანზე რამდენიმე ბიულეტენი აკლია, რაც არის სრულიად ცხადი დასტური იმისა, რომ ეს ბიულეტენები შემდეგ გამოიყენეს კარუსელის დასატრიალებლად. ასე რომ, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ნამდვილად ვფიქრობდით და სურვილი გვქონდა, რომ ეს არჩვენები ჩატარდებოდა ისე, როგორც ეკადრება ქვეყანას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს სულ ცოტა ხანში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა”, – აცხადებს წიკლაური.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინა რეაგირება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა მარნეულის #57 უბანზე მომხდარ გაყალბების ფაქტზე, ნუგზარ წიკლაურმა უპასუხა, რომ რეაგირებას ვერ მოახდენდნენ იმაზე ადრე, ვიდრე თვითონ ეს ფაქტი მოხდებოდა.

ნუგზარ წიკლაური

“ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, ეს ადამიანი გავიდა, მაგრამ დატოვა ჩართული კამერა იქ. ეს კამერა აფიქსირებდა ყველაფერს რაც იქ ხდებოდა. როგორც ჩანს, არჩევნები დასრულდა და მხოლოდ ამის შემდეგ იყო შესაძლებლობა, რომ ენახათ ამ კამერის შიგთავსი, თუ რა ინფორმაცია იყო იქ და როგორც კი ეს მოხდა, მეორე დღესვე მან განაცხადა ამის შესახებ და მეორე დღესვე ჩვენ ჩავატარეთ სპეციალური პრესკონფერენცია ამასთან დაკავშირებით. მე არ მესმის, როდის უნდა ჩატარებულიყო, უფრო ადრე ხომ არ ჩატარდებოდა, ვიდრე ეს მოხდა.”


გუშინ თავად “ნაციონალურ მოძრაობაში” განაცხადეს, რომ ეს დარღვევები დააფიქსირა “თავისუფალი ზონის” ჟურნალისტმა, რომელიც თავად გასული იყო და კამერა ჩართული დატოვა. თუმცა საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, წესით, უბანზე უნდა ყოფილიყო.


ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ხელისუფლება იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მარნეულის #57 უბანზე გადაღებული კადრები დადგმულია და რომ ადამიანი, რომელიც ამ კადრებზე არჩევნებს აყალბებს, ახლოს არის “ნაციონალურ მოძრაობასთან”.


“საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანი, სახელად ნაზიმი, თუ არ ვცდები, არის ახლოს ნაციონალური მოძრაობის წევრთან იუსუპოვთან. ჩვენ სპეციალურად გამოვიკვლიეთ და ეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც დევს, რომ ბატონი იუსუპოვი არის ქართული ოცნების ფრაქციის წევრი. ასე რომ, ხელისუფლების ეს განცხადება არის სიცრუე. ყველასათვის ცხადია, რომ ეს კაცი, რომელიც ყრიდა ბიულეტენს, მოქმედებდა ქართული ოცნების დაკვეთით. თვით ის ვითარება, რომ #24 და #57 უბნები გუშინ გვიან ღამით გააუქმა მარნეულის საოლქო კომისიამ, კარგად მიუთითებს იმაზე, რომ ეს ფირები ასახავდა რეალობას”, – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

 

მისივე თქმით, ხელისუფლება  მარნეულში მომხდარ გაყალბების ამ ფაქტს არ გამოიძიებს:


”ჩვენ ყველანი ვნახავთ, რომ ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ ამ გამყალბებლისთვის ან საერთოდ არ იყოს არანაირი სასჯელი გამოტანილი, ან ეს სასჯელი იყოს იმდენად მსუბუქი, რომ რეალურად ვერ აზარალებდეს ამ პიროვნების რაიმე სახის ინტერესს”.

 

შსს-მ გუშინვე გაავრცელა განცხადება, რომ მარნეულში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *