კალაძე თაკო ჩარკვიანზე თავდასხმას გმობს, თუმცა ფიქრობს, რომ “რასაც დასთეს, იმას მოიმკი”

თბილისის მერი კახა კალაძე “ძალა ერთობაშიას” წევრ თაკო ჩარკვიანის ოჯახთან დაკავშირებით ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. თბილისის მერის თქმით, ის გმობს ძალადობას, თუმცა ასევე მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ადამიანების ბულინგი, რაშიც კალაძე რ2-ის დირექტორ ნიკა გვარამიას ადანაშაულებს. კალაძის თქმით, “რასაც დასთეს, იმას მოიმკი”.

“თვითონ ფაქტი, რაც მოხდა, ძალიან ცუდია, ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის, თუმცა ძალიან სამწუხაროა და მე ამაზე ყველა ჩემს გამოსვლასა და ინტერვიუში მივუთითებდი, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის, თუ რა ხდებოდა მთელი ამ სარრჩევნო კამპანიის განმავლობაში, როგორი ბილწსიტყვაობა მოდიოდა ეთერიდან, პირდაპირ დედის გინებაზე იყვნენ გადასულები და არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ვიღაცა შეურაცხყოფას მიაყენებს ამის შემდეგ…”, – აცხადებს კალაძე კომენტარში, რომელსაც რ2 ავრცელებს.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, მისი აზრით, ოპოზიციის აგრესიული კამპანიის შედეგია თუ არა ამ ტიპის რეაქცია, კალაძე ამბობს:

“რასაც დასთეს, იმას მოიმკი, ხომ იცით, ეს გამონათქვამი? კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ძალადობა, ყოველთვის ვგმობდი და ვგმობ ძალადობას, კატეგორიულად მიუღებელია ადამიანის ბულინგი, რასაც გვარმია ყოველდღიურ რეჟიმში, მთელი საარჩევნო კამპანიის დროს აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მისი მხარდამჭერების მიმართ… იმუქრებოდა ჩარეცხვით, ადამიანებს ეუბნებოდა, ყველას დაგთვლით. ვინ უნდა ჩარეცხოს ან ვინ უნდა დათვალოს გვარამიამ?”, – აცხადებს კალაძე.

კალაძის განცხადებას ფეისბუკით გამოეხმაურა თაკო ჩარკვიანი. ის ფიქრობს, რომ თბილისის მერმა “მის ოჯახზე განხორციელებული ძალადობა პრაქტიკულად გააპრავა”. ჩარკვიანი პრესკონფერენციის მოწვევასაც აპირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 4 ადამიანი დააკავეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრზე, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. აქედან ერთი ადამიანი ძალადობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსით), ხოლო სამი — წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით (ადმინისტრაციული წესით).

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხნენ თავს.

შსს-ს ცნობითვე, თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

“თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს”, — წერს შსს.

კალაძე ასევე გამოეხმაურა  თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსის, დავით მაჭავარიანის ინციდენტში შესაძლო მონაწილეობის საკითხს, რომელიც ამას უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ ადამიანებს აშველებდა.

“უპატისონესი ადამიანია, რომელიც წლების განმავლობაში საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსია და მაგ ადამიანზე კარგის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია”, – თქვა კალაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com