სამგორში ენმ-ის წევრი პატრულის დახმარებით გააძევეს უბნიდან – ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, სამგორის #24 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა. ISFED-ის ცნობით, საარჩევნო უბნიდან ენმ-ის წარმომადგენელი პატრულის დახმარებით გააძევეს.

17:00 საათისთვის ორგანიზაციამ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის კიდევ ერთი შემთხვევა დააფიქსირა. ISFED-ის ინფორმაციით, ვაკის #10 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი გამოიტანა, სადაც შესაძლებელი იყო მის მიერ შემოხაზული კანდიდატის დანახვა. ამ უბანზე მსგავსი დარღვევა ორგანიზაციამ არჩევნების დღის განმავლობაშიც დააფიქსირა.

ISFED -ის ცნობით, ყველაზე მეტი დარღვევა ამ დროისთვის, ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობის კუთხით გამოვლინდა.

დამკვირვებელს უფლება შეუზღუდეს მარნეულის #35 საარჩევნო უბანზე. ISFED-ის ინფორმაციით, მას ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირება უნდოდა, რისი საშუალებაც მას თავმჯდომარემ და მდივანმა არ მისცეს.

ამ დროისთვის ორგანიზაციას საუბნო კომისიებში წარდგენილი აქვს 37 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში – 38 საჩივარი.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ასევე წარმოდგენილი არიან საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე.